გაუშვით ეს ბავშვები, თორემ მადუროს ბედი გელით! – ამ სიტვებით მიმართავს სინდისის პატიმარი ვეფხია კასრაძე გლდანის საპატიმროდან “ქართული ოცნების” ხელისუფლებას. დაკავებული ომის ვეტერანი “პირველებთან” სატელეფონო კავშირზე გავიდა, სადაც “ოცნების” დეპუტატების მოთხოვნებს უპასუხა.
სინდისის პატიმარი ამბობს, რომ მოსანანიებელი არაფერი აქვს, რადგან უდანაშაულოა და მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯება.
ვოლსკის ინტერვიუს ვუსმინე და ერთი, რას ითხოვს ჩვენგან? დანაშაული რომ არ ჩამიდენია და საერთოდ, უსამართლოდ რომ ვარ დაკავებული, არანაირი მტკიცებულება რომ არ არსებობს ჩემზე, რა მოვინანიო? ის მოვინანიო, რომ არ დავარბიე ის სპეცრაზმელები? თუ პირიქით რომ ვაკეთებდი მე, რომ დამემშვიდებინა ერთი მხარეც და მეორე მხარეც, რადგან ორივე მხარეს ქართველები იდგნენ.
გაუშვით ეს ბავშვები, თორემ მადუროს ბედი გელით თქვენ! გაათავისუფლეთ ეს უდანაშაულო ბავშვები. როდესაც ქვეყანა გაძარცვეს, მილიონები რომ უპოვეს ქვეყნის პირველ პირს, პრემიერს, წარმოიდგინეთ, ხალხო და 5 წელი მისცეს და აქ საჯიშე ბიჭები არიან ციხეში და რაღაცას გვამადლიან. მაგათი დამადლებული, მე პირადად, არაფერი მინდა, მაგრამ ეს ბავშვები გაუშვან, რა და მე მოვითხოვ, რომ გამათავისუფლონ, იმიტომ, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის მე. ეს არის ჩემი სიტყვები. შეწყალება მაგათ მოუწევთ აქეთ ჩემგან და რამდენად შევიწყალებ მე, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.
ბატონო ვოლსკი, საქართველოს სიყვარულისთვის ადამიანებს არ სჯიან, პირიქით, თქვენ ჯილდოს უნდა მაძლევდეთ იმდენი მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული. თქვენ ქართველები არ ხართ და ჩვენ გვეძახით “უსამშობლობეს”. სიკვდილზე წავალ ამ ქვეყნის გამო, რომელ პატიმრობაზეა ლაპარაკი, – ამბობს კასრაძე.
ვეფხია კასრაძე ასევე მოქალაქეებს და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც მიმართავს. სინდისი პატიმარი მათ მოუწოდებს, ქუჩაში გავიდნენ და დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება მოითხოვონ.
გამოდით და მოითხოვეთ ამ ბიჭების გათავისუფლება! ყველაფერზე წავიდნენ ეს ბიჭები. დაიღალეთ, ხომ?! უნდა გრცხხვენოდეთ, აწიეთ ერთი ადგილი და გამოდით, მოაწყვეთ ეს ორი დღე აქციები, ქართველებო! თუ არადა თქვით, რომ არ ხართ ქართველები. სად არიან ეს ბოიკოტელები, ერთი?! სად არიან ეს პოლიტიკოსები?! გამოვიდნენ, ერთი! მაგათი გადაკეტილი გზა არ მინახავს, – ამბობს კასრაძე.
ყაველაშვილის ადმინისტრაცია შეწყალების სიაზე მუშაობას ასრულებს და არსებული ინფორმაციით, ორშაბათს დილით შეწყალებულთა გვარები პენიტენციურ დაწესებულებებს გადაეგზავნება, რის შემდეგაც პატიმრები ციხეებს დატოვებენ. ამ ეტაპზე უცნობია, ვის შეეხება შეწყალება. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შიგნით განიხილებოდა სინდისის პატიმრების ნაწილის შეწყალება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ დადასტურებულა.
ივანიშვილის გუნდში აცხადებენ, რომ კონკრეტულ სიაზე ინფორმაცია არ აქვთ და აღნიშნავენ, რომ შეწყალებას, მათი შეფასებით, წინ უნდა უძღოდეს „მონანიება“.




