გაუფორმებენ თუ არა საპროცესო შეთანხმებას 19 წლის ბრიტანელ გოგოს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული

10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 წლის ბრიტანელი გოგოს, ბელა მეი კალლის სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ, მისმა ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ განაცხადა, რომ მსჯელობენ საპროცესო შეთანხმებაზე.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ მათი სურვილია ახალგაზრდა ქალი გათავისუფლდეს და მათ საქართველოს ბიუჯეტს გადაუხადონ ჯარიმა. მისივე თქმით, თუ მხარეები შეთანხმებას მოახერხებენ საქმე შეიძლება 24 ივლისს დაიხუროს.
BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში გოგოს მშობლებს ურჩია, რომ პრესასთან საქმის დეტალებზე არ ესაუბრათ. გამოცემის ჟურნალისტი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, აღწერს კომუნიკაციას დაკავებულ ახალგაზრდა ქალსა და მის მამას, ნილ კალლის შორის.
“იყავი ძლიერი” – უთხრა მამამ შვილს, რომელსაც მთელი სხდომის განმავლობაში ხმა არ ამოუღია.
Daily Mail წერს, როცა მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, აღიარებდა თუ არა დანაშაულს, თუ გამოიყენებდა დუმილის უფლებას, მან ადვოკატს გახედა და ჰკითხა – “დიახ?”, ადვოკატმა თავი უარყოფის ნიშად გაუქნია. კალლიმ დუმილის შენარჩუნება ამჯობინა.
ამავე სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ის საქართველოში ტაილანდიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით ჩამოვიდა. ამავე სხდომაზე ახსენეს კადრები მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან, სადაც ჩანს რომ კალლი ბანგონკის აეროპორტში ჩვეულებრივად გადაადგილდება. კითხვაზე, ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ბრალდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ტაილანდიდან საქართველოში ნარკოტიკის შემოტანა აიძულეს, სალაყაია პასუხობს, რომ ვიდეო არაფერს ამტკიცებს.
ადვოკატის განმარტებით, აეროპორტში, კალლის შორიახლოს იყვნენ იმ ბანდის წევრები, რომლებმაც მასზე იძალადეს და აიძულეს დამორჩილება. მისივე განმარტებით, კალლიმ სცადა მესაზღვრეებისთვის ენიშნებინა, რომ ის მსხვერპლი იყო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას უთვალთვალებდნენ და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა, ეს ვერ მოახერხა.
მისი ადვოკატის ინფორმაციით, ცალკე სისხლის სამართლის საქმეა გამოყოფილი კალლის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე.
ბელა მეი კალლის საქმეზე, რომელსაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს, შემდეგი სხდომა 24 ივლისს ჩატარდება.
რა ხდება?
ბელა მეი კალლი 10 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისი ბარგის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს 12 კილოგრამამდე “მარიხუანა” და 2,068 კგ “ჰაშიში”. მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის იყო. 19 წელი კალლის რუსთავის ქალთა კოლონიაში შეუსრულდა.
დაკავების შემდეგ მას ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლები გულისხმობს ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა ქალს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
13 მაისს გამართულ სხდომაზე ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ ორსულად იყო. როგორც მისმა ადვოკატმა მაშინ განაცხადა, ახალგაზრდა ქალი შოკურ მდგომარეობაში იყო და მეტის თქმა არ შეეძლო. ამ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბელა მეი კალლის საქართველოში დაკავებამდე ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა.
როგორც მისი ოჯახის ბრიტანულ მედიასთან საუბარში ამბობს, 18 წლის გოგო, რომელიც კოლეჯში მედდის პროფესიას დაეუფლა, სწავლის გაგრძელებამდე მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ფილიპინებში წავიდა. ეს მოხდა აპრილის ბოლოს. დედის, ლიან კენედის თქმით, შვილთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა და ხშირად უგზავნიდა ფოტოებს მოგზაურობიდან.
მორიგი საუბრისას ახალგაზრდა ქალმა დედას უთხრა, რომ მათ ტაილანდში წასვლა გადაწყვიტეს. ბოლოს დედას სწორედ ტაილანდიდან ესაუბრა 3 მაისს, მას შემდეგ კი ოჯახს აღარ დაჰკავშირებია. ბელა მეი კალლიმ სოციალურ ქსელში ბოლო სურათი 5 მაისს გამოაქვეყნა.
ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების შემდეგ ოჯახმა მისი ძებნა სოციალური ქსელებითა და მედიის დახმარებით დაიწყო. მამა, ნილ კალლი ტაილანდში შვილის მოსაძებნად გაემგზავრა. სწორედ ტაილანდში გაიგო, რომ მისი შვილი საქართველოში დააკავეს. ამის შემდეგ პირდაპირ საქართველოში გამოემგზავრა. ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ ახალგაზრდა ქალის მამიდა და ბაბუაც.
ბელლა მეი კალლიმ მომხდარის შესახებ ისაუბრა 1-ელ ივლისს გამართულ სხდომაზე. მან თქვა, რომ 12 კილოგრამამდე ნარკოტიკის შემოტანა საქართველოში წამებით აიძულეს.

ასევე დაგაინტერესებთ