„გაუგებარია რას ნიშნავს „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, გზაზე გავიდეთ? სახლში დავრჩეთ? ღამე დავიძინოთ? თუ არ დავიძინოთ?“ – დავით მესხიშვილი

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ბაღდათში მეწყრის შედეგად მოქალაქეების დაღუპვის ამბავს სოციალური ქსელით ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, ამინდის გაუარესების შესახებ 112-ისგან გამაფრთხილებელი შეტყობინებების გაგზავნა კარგია, თუმცა არ არსებობს დამატებითი ინფორმაცია და მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
მისი თქმით, საჭიროა კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა, რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა სტიქიის პირობებში.
„ასეთი გაფრთხილების მიღების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, შეიძლება კარგიც არის, მაგრამ გაუგებარია რას ნიშნავს „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“.
ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება: ამ დროს როგორ ვიქცევით? გზაზე გავიდეთ? სახლში დავრჩეთ? ღამე დავიძინოთ? თუ არ დავიძინოთ? დროებით ადგილსამყოფელი შევიცვალოთ? და რაც მთავარია, მაღალი რისკი რომელ მუნიციპალიტეტშია?
მგონი, 21-ე საუკუნეში, როცა მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზირება უფრო მეტად გახდა შესაძლებელი, რეკომენდაციებიც უფრო კონკრეტული უნდა იყოს და შედეგზე ორიენტირებული.
სტიქიური მოვლენების დროს, სამოქალაქო თავდაცვის შესახებ რომ არავინ არაფერი იცის, ეგ კიდევ დამატებითი გასაჭირია ჩვენი“, – წერს დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ ეტაპზე მაშველების მიერ ნაპოვნია 4 ცხედარი.

ასევე დაგაინტერესებთ