პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2024 წლის მაღალი, 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახა და გასულ წელს დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ საკითხზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ბუნებრივია, რომ ის ეკონომიკური მონაცემები, რომლებიც 2024 წელს გვქონდა, უნდა ასახულიყო დასაქმების მაჩვენებლებზე – გასულ წელს დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 70,000 ადამიანით გაიზარდა და ფაქტობრივად, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს ჩვენ 1,402,000 დასაქმებული გვყავდა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. ჯამში 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა შემცირდა დამატებით 2.5%-იანი პუნქტით და 13.9% შეადგინა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ უმუშევრობის არსებული მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელია საერთაშორისო სტანდარტებით, თუმცა, აქამდე არსებული საუკეთესო შედეგია და რაც მნიშვნელოვანია, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობა დასაქმებული იყოს, ეზრდებოდეს შემოსავალი და ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება.
„შემდეგ ოთხწლიან პერსპექტივაში შევქმნათ 200,000 სამუშაო ადგილი – ეს დაპირება რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. ამისკენ გვექნება მიმართული მთელი ძალისხმევა – რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური, ასევე მოვახდინოთ სამუშაო ადგილების გენერირება და დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა. ეს არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი ფოკუსი და პრიორიტეტი. ცალსახაა, რომ ოპოზიციისთვის ეს არ არის იგივე, პირიქით, მათთვის პრინციპში, საპირისპირო ამოცანა და გეგმაა პრიორიტეტი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უბრალოდ ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად ისაუბრა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვრის თვის ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინასწარი მონაცემებით, ის ასევე მაღალი იქნება.
