გასულ წელს ავტოავარიით 444 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 101 ქვეითი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით გასულ, 2024 წელს გაიზარდა ავარიების რიცხვი, რომლებმაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
2024 წელს ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 5866 ავტოსაგზაო შემთხვევა, შედეგად დაიღუპა 444 ადამიანი, დაშავდა – 7587. 2023 წლის მონაცემებთან შედარებით სტატისტიკა მზარდია, სამინისტროს ინფორმაციით 2023 წლის დაფიქსირდა 5594 შემთხვევა, შედეგად დაიღუპა – 442 და დაშავდა 7310 ადამიანი.
რეგიონების მიხედვით ავტოავარიის ყველაზე მეტი, 683 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ამ შემთხვევების შედეგად დაიღუპა 46 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთაგან 101 ქვეითი იყო, დაშავებულთაგან კი – 1754.
გასულ წელს ქვეითზე შეჯახების 1766 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 101 დასრულდა მსხვერპლით, 1780 ადამიანი კი დაშავდა. 57 შემთხვევა დაფიქსირდა ველოსიპედისტის მონაწილეობით – დაიღუპა 3, დაშავდა – 54.
792 შემთხვევა დაფიქსირდა მოტოციკლეტისტის მონაწილეობით – დაიღუპა 16 და დაშავდა 826 ადამიანი.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი მოძრაობის წესების დარღვევა იყო:
· 394 შემთხვევაში ავარიის მიზეზი გახდა მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება;
· 358 შემთხვევაში შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა;
· 279 შემთხვევაში საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა;
· 234 შემთხვევაში ავარიის მიზეზი გახდა მოხვევის მანევრი;
· 236 შემთხვევაში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა;
· 294 შემთხვევაში მიზეზი იყო დისტანციის დაუცველობა.
185 შემთხვევაში ავარიის მიზეზი მძღოლის ალკოჰოლური თრობა იყო. არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო გასულ წელს დაიღუპა 15 და დაშავდა 277 ადამიანი.
ავარიების მიზეზებს შორის დასახელებულია ასევე სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერებისა და განლაგების წესის დარღვევა. 2 შემთხვევაში რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა.
წყარო: “ბათუმელები”