ზღვისპირა ქალაქში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ბათუმში ტურისტების თავშეყრის ერთ-ერთი მთავარ ლოკაციას სანაპირო ზოლი და ბულვარი წარმოადგენს, სადაც ყოველწლიურად ვიზიტორებს სხვადასხვა ბიზნესი პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობენ. წელს, 2024 წელთან შედარებით ბულვარის შემოსავლები საიჯარო ხელშეკრულებებიდან 43%-ით არის გაზრდილი. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე სეზონზე ბიზნეს სექტორის მხრიდან ბულვარის ტერიტორიაზე საქმიანობის წარმოების მიმართულებით ინტერესი დიდია. ბათუმის ბულვარში სამეწარმეო საქმიანობისათვის შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან ფორმდება. საიჯარო ფასს აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხა განსაზღვრავს.
,,სსიპ „ბათუმის ბულვარი“, საზაფხულო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, აცხადებს ელექტრონულ აუქციონებს სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად როგორიცაა: გართობისა და კვების ობიექტები, კაფე-ბარები, ნაყინისა და ყავის სარეალიზაციო ობიექტები, ატრაქციონები, საპლაჟო ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა გასართობი სივრცეები. მიმდინარე ტურისტული სეზონისათვის ჩვენ მიერ შემუშავებული იჯარების სააუქციონო გეგმა სრულად არის ათვისებული და ამ მიმართულებით დადებითი მოლოდინებიც გვაქვს. ვინაიდან, გასულ წელთან შედარებით, 2025 წლის საიჯარო ხელშეკრულებებიდან შემოსული თანხა 43%-ით არის გაზრდილი.”- განუცხადეს ,,კომერსანტს“ ,,ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში.
ბათუმის ბულვარი, ყოველ წელს ტურისტულ სეზონს ბევრი სიახლით ხვდება. გამონაკლისი არც 2025 წლის სეზონია. წელს ტურისტებს ბევრი ახალი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი დახვდებათ. მათ შორის კალათბურთის მოედანი, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე მოსახლეობის მაღალი მოთხოვნის საფუძველზე მოეწყობა. სანაპირო ზოლზე მოეწყო თანამედროვე ხის გასახდელები, ადაპტირებული საშხაპეები და ზღვაზე ჩასასვლელი ხის ბილიკები.
,,2025 წლის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, განხორციელებული ახალი პროექტები დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობების შექმნას, გამართული სერვისების მიწოდების უზრუნველყოფასა და სარეკრეაციო ზოლის განვითარებას ემსახურება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ახალი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა, რომელიც ითვალისწინებს ბულვარში არსებული სავარჯიშო მოედნების მოდერნიზაციასა და ახალი თანამედროვე ტიპის სავარჯიშო კომპლექტაციით აღჭურვას. პირველად, ბათუმის ბულვარს კალათბურთის მოედანი ექნება, რომლის მოწყობაც მოსახლეობის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე დაიგეგმა. მნიშვნელოვანი სიახლეებია ბათუმის სანაპიროს მოწესრიგების კუთხით. სეზონის სამზადისის ფარგლებში, განხორციელდა უსახური ობიექტების დემონტაჟი. ასევე, განახლდა საპლაჟო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, კი სანაპირო ზოლზე მოეწყო მოდერნიზებული ხის გასახდელები, ადაპტირებული საშხაპეები და ზღვაზე ჩასასვლელი ხის ბილიკები. წელსაც, აქტიურად მიმდინარეობს ინკლუზიური ტურიზმის ხელშეწყობა. ბათუმის ბულვარი შშმ პირებს ტივტივა ეტლებით მომსახურების უფასო სერვისს სთავაზობს.”- აცხადებენ ,,ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში.
აკვაპარკის მიმდებარედ ეწყობა რეკრეაციული სივრცე, სადაც 4 ათასი კვ.მ ტერიტორიაზე 1000 ძირამდე მრავალწლოვანი და დეკორატიული ხე-მცენარე ირგვება. ახალ ბულვარში კი დეკორატიული ზეთის ხილის ხეები დაგხვდებათ.
,,ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცეების შეთავაზების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი გამწვანებული სივრცის მოწყობა აკვაპარკის მიმდებარედ, რომელიც 4 ათასი კვ.მ ტერიტორიაზე 1000 ძირამდე მრავალწლოვან და დეკორატიულ ხე-მცენარეს გააერთიანებს. პროექტის ლანდშაფტურ-არქიტექტურული კონცეფცია ითვალისწინებს დასასვენებელი სივრცისა და ვიზიტორთა მოსასვენებელ ზონების მოწყობას, სადაც განთავსდება თანამედროვე საბაღე ინფრასტრუქტურისათვის დამახასიათებელი საყვავილე პორტატული ქოთნები და საჩრდილობლები. აღნიშნული სიახლეები ახალ ბულვარს დამატებით ფუნქციურ მნიშვნელობას შესძენს და სივრცის ვიზუალურ მხარეს გააუმჯობესებს. ასევე, წელს ახალ ბულვარს დაემატა დეკორატიული ზეთის ხილის ხეები.”- აცხადებენ ,,ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში.
ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ბულვარი სრულ მზადყოფნაშია უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უმასპინძლოს ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლების გაზრდილ ნაკადებს. რაც შეეხება სასეირნო ბილიკების რეაბილიტაციას, დ.თავდადებულის ქუჩების გასწვრივ, 3 ათასი კვ.მ მოცულობის ტერიტორიაზე ახალი ფილები დაიგო და შეიცვალა შიდასაკომუნიკაციო ქსელი. ახალი ბულვარის პერიმეტრზე, მიმდინარეობს ლედ განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები.
