გასულ თვეებში არაერთი უცხოელი იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში – დარახველიძე

„ქართული ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ გასულ თვეებში არაერთი უცხოელი იყო ჩართული რუსთაველის გამზირზე „დესტრუქციულ ქმედებებში“, თუმცა მათ გასაძევებლად უწყებას მექანიზმი არ ჰქონდა.
ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პირველი მოსმენით განხილვისას პარლამენტში განაცხადა. აღნიშნული ცვლილებებით სასჯელის ახალი სახე შემოდის – უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
გაიწერა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა მუხლები, რაზეც პირდაპირ იქნება მითითება, რომ უცხოელი შეიძლება გაძევდეს ქვეყნიდან, მაგალითად, ასეთი მუხლებია: წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევა. დარახველიძის თქმით, ეს ის შემთხვევებია, რასაც აქციის მონაწილეები პოლიციის და სახელმწიფოს მიმართ იყენებენ.
„გასულ თვეებში ჩვენ არაერთი უცხოელი ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, რომელიც ჩართული იყო დესტრუქციულ ქმედებებში. მათ მიმართ არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი მათი მხრიდან კონკრეტული სამართალდარღვევის შესახებ, გამოყენებული იქნა მათ მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობაც. თუმცა გაძევების არანაირი მექანიზმი არ არსებობდა. შესაბამისად, სწორედ ეს მუხლი მოგვცემს საშუალებას, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში დესტრუქციის მიზნით შემოდიან, გამოყენებული იქნას ღონისძიება – ქვეყნიდან გაძევება და გარკვეული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
როგორც ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, ამ პირების გარკვეული რაოდენობა ქვეყანაში სწორედ აქციების წინა დღეებში იყო შემოსული.
„ეს ფაქტი შეიძლება დამატებითი კითხვის ნიშნებს აჩენდეს. იყო შემთხვევები, რომ ეს ადამიანები ჩართული იყვნენ და აქტიურად მოუწოდებდნენ პირებს დესტრუქციული ქმედებებისკენ. ორგანიზების ნაწილი რომ გამოკვეთილიყო, მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, საკმაოდ დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული.
„სამწუხაროდ, საქმეს გვირთულებდა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პირის მიმართ 10-15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც იქნა გამოყენებული, მათ ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ. შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ გაძევების პროცედურა ვერ დავიწყეთ.
გვქონდა შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ანჩისხატის ეკლესიას კვერცხები დაუშინეს და ამან საზოგადოებაში საკმაოდ დიდი აგრესია გამოიწვია“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
დარახველიძის თქმით, შს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მათთვის ეფექტური მექანიზმი იქნება „დესტრუქციულ ქმედებებზე“ პასუხის გასაცემად. მისი თქმით, ეს აქციებში მსგავსი ძალების ჩართვის პრევენციას ხელს შეუწყობს.