გასულ თვეებთან შედარებით, მიმდინარე პერიოდში გაყიდვების 20-30%-იანი ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” კომპანიის “ძველი სუფრა” დამფუძნებელმა, გიორგი ალანიამ განაცხადა.
“ძველი სუფრა” ქართული ბრენდია, რომელიც წლებია ძველ ქართულ ლურჯ სუფრებს ქმნის, ტრადიციული ელემენტებით და დეტალებით. კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 1998 წლიდან იწყება, თუმცა ბრენდი უკვე 2020 წლიდან იწყებს თანამედროვე სახით ოპერირებას.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მიმდინარე პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია კომპანიისთვის, რაც დიდწილად აღდგომის დღესასწაულს და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს უკავშირდება.
“მოგეხსენებათ, აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელიც ქართული სუფრის გარეშე წარმოუდგენელიც კია. შესაბამისად, ეს პერიოდი ძალიან აქტიურია და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ვინაიდან კვირაცხოვლობის კვირაში ვართ და პრინციპში ეს თვე იქნება ბოლომდე ასეთი აქტიური. ზოგადად ჩვენს სფეროს, პიკური პერიოდები ახასიათებს. ისეთ პერიოდებში, როგორიცაა 3-8 მარტი, რომელსაც აღდგომის დღესასწაული ებმის. ამ პერიოდში 20-30%-იანი ზრდა არის ხოლმე, სტაბილურ თვეებთან შედარებით.
გარდა ამისა, გაყიდვებში ერთ-ერთი აქტიური ნაწილია ტურისტის მიერ შეძენილი ჩვენი პროდუქტი. ეს ფაზა ივლის-აგვისტოში იწყება. დანარჩენ პერიოდებში, ტურისტები ნაკლებად არიან ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
გიორგი ალანიას ინფორმაციით, “ძველი სუფრას” ასორტიმენტს ცოტა ხნის წინ მინის ჭურჭელი დაემატა.
“სანამ მინის ჭურჭელს დავამატებდით, ასორტიმენტში ფაიფურის ჭურჭელი გვქონდა. თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, გვინდოდა მინის ჭურჭლის დამატებაც. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო და მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდა. ამიტომ, ამ ხაზის განვითარებას ვგეგმავთ. ვაპირებთ დეკანტერების დამატებას, ასევე ჭიქის მიმართულებით განვითარებას. მას შემდეგ, რაც პროდუქცია გაყიდვაში ჩავუშვით, როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით მოთხოვნა კიდევ უფრო გაფართოვდა”, – აცხადებს ალანია.
