გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში 25-31 აგვისტოსთვის.
2025 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა, რვა თვეში 6.5%-ით
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.0 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, ბიზნეს სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ ივლისში 16 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.2%-ით არის გაზრდილი.
2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში.
საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავის აპელაცია წააგო
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან – Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრმა (ICSID) საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა Inter Rao-ს საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი, რომლითაც საქართველოს კომპანიის მიმართ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მაშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპელაციის გზით ამ განაჩენის ანულირებას მიაღწევდა, თუმცა როგორც ირკვევა არბიტრაჟმა მთავრობის პოზიცია კიდევ ერთხელ არ გაიზიარა და ძალაში დატოვა პირვანდელი განაჩენი. მეტიც, თუკი 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი 76 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითვალისწინებდა, ამჟამად მისი ღირებულება გაზრდილია და უკვე 94 მილიონ დოლარსაც აღემატება, რადგანაც თავდაპირველად მიღებულ განაჩენში ეწერა რომ იქამდე, სანამ საქართველო განაჩენის აღსრულებას არ მოახდენდა, დავით დაკისრებულ კომპენსაციას ანუ 76 მილიონ დოლარს ზემოდან პროცენტის სახით SOFR+2% დაერიცხებოდა. რაც 2022; 2023; 2024 და 2025 წლების ჯამით დამატებით 18 მილიონ დოლარს აღწევს.
იანვარ-ივლისში ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 204 მილიონი ლარი შევიდა
2025 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 204.8 მილიონი ლარი შევიდა, რაც ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 9 თვის საპროგნოზო მოცულობის (228 მლნ ლარი) 89.8%-ია. პრივატიზაციაში ძირითად აქტივებზე შენობა-ნაგებობებზე 108.7 მილიონი ლარი მოდის, მიწის გაყიდვის შემოსავალმა კი 17.7 მილიონი ლარი. ასევე ბიუჯეტში 78 მილიონი ლარი შევიდა 5G რადიოსიხშირული სპექტრის აუქციონიდან.
ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების ათვისება გეგმას ჩამორჩება
მიმდინარე წელს, „ქართული ოცნების“ მთავრობა უცხოეთიდან 600 მლნ ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს ელის, 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში ₾74 მლნ ჩამოირიცხა. ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 7 თვის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შესაბამისად, შესრულება წლიური გეგმის მიმართ 12.4%-ია, ხოლო 9 თვის გეგმის (300 მლნ ლარი) მიმართ – 24.7%.
“ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები“ ნაწილია 1,825,850,000 ლარის საგარეო ვალის, რომლის სესხებაც წელს მთავრობას აქვს დაგეგმილი. გარდა ამისა, საგარეო ვალი/ვალდებულებები მოიცავს საინვესტიციო გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის იღებს და ხაზინის მონაცემებით, 7 თვეში ბიუჯეტში 427,176,085 ლარი ჩამოირიცხა, რაც წლიური გეგმის (1,225,850,000 ლარი) 34.8%-ია, ხოლო ცხრა თვის გეგმის (818,752,982 ლარი) – 52.5%. მთლიანობაში, იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის სახით 501,424,322 ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის 27.5%-ია, ხოლო ცხრა თვის გეგმის მიმართ შესრულება 44.8%-ია.
საქართველოს ბანკების საკრედიტო პორტფელი 66 მილიარდ ლარს აღწევს – წლიური ზრდა 15%-ია
კომერციული ბანკების მიერ სებ-ში წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 66.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.29%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. სესხების ეს მოცულობა წლიურ ჭრილში 15%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ივლისში სესხებში ლარის წილი 0.69 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 57.61%-ს მიაღწია.
ეროვნული ბანკის თანახმად, ივლისში წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 388.70 მლნ ლარით (1.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 511.03 მლნ ლარით (1.79%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით).
საქართველოში გაცემული ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირებულია
2025 წლის იანვარ-ივლისში ქართულმა ბანკებმა სულ 28,579 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით, ანუ 4,076-ით არის შემცირებული. თუმცა, იმის გამო რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.5%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 2.44 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 83 მილიონი ლარი).
ამასთან, 2025 წლის ივლისის განმავლობაში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13.08%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.28 პროცენტული პუნქტით მეტია.
“სეუმ” “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” შეიძინა
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” (IBSU) მფლობელი “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)” გახდა. შესაბამისი ცვლილება ბიზნესრეესტრში უკვე აისახა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 100%-ის წილის მფლობელი 2025 წლის 27 აგვისტომდე კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია იყო. ბიზნესრეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების თანახმად, სეუ-მ უნივერსიტეტი და მისი აქტივები 12.1 მილიონ დოლარად შეიძინა.
