გასტრონომიული გამოცდილება თბილისის გულში – რას სთავაზობს რესტორანი “სირაჯხანა”?

თბილისის გულში, მაიკო ორბელიანის ისტორიულ სასახლეში მდებარეობს რესტორანი „სირაჯხანა“ სტუმრების გასტრონომიული გამოცდილებების გამრავალფეროვნებას სთავაზობს.
როგორც საერთაშორისო მმართველი კომპანიის Hotel Collection International -ის რეგიონალურმა დირექტორმა, ქეთევან მიქაშავიძემ, რომლის მართვის ქვეშაც აღნიშნული ტურისტული ობიექტია BM.GE-სთან განაცხადა, რესტორანი „სირაჯხანა“ თბილისის კულინარიულ რუკაზე პირველად 2016 წელს გამოჩნდა და ავთენტიკური გემოებითა და უნიკალური ატმოსფეროთი პოპულარობა სწრაფადვე მოიპოვა.
მისი ინფორმაციით, „სირაჯხანა“ წელიწადში 10,000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და პოპულარულია როგორც საერთაშორისო, ისე ქართველ მომხმარებლებში.
“ტურისტული ობიექტი განსაკუთრებული ატმოსფეროსა და ავთენტიკური გამოცდილების გამო ბევრ საერთაშორისო სტუმარს იზიდავს. უცხოელებისთვის ეს ადგილი არამარტო რესტორანია, არამედ კულტურული თავგადასავალი – ადგილი, სადაც გემოსთან ერთად საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებსაც ეცნობიან. მიუხედავად ამისა, ხშირი სტუმრები არიან ადგილობრივებიც – ქართველები, რომლებიც ავთენტიკურ გემოებს, ტრადიციული სტილის ინტერიერსა და ძველი თბილისის ატმოსფეროს ეძებენ.
„სირაჯხანა“ ხშირად ხდება მეგობრული შეკრებების, საოჯახო ვახშმებისა და რომანტიკული საღამოების ადგილი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტულ ჯგუფებს შორის. ხშირად ვმასპინძლობთ ორგანიზებულ ჯგუფებს, ღვინის ტურის ან კულტურული მარშრუტის ფარგლებში. გარდა ამისა, რესტორანი იდეალურია კერძო ღონისძიებებისთვის – იქნება ეს კორპორაციული შეხვედრა, დღესასწაული თუ ქართული ღვინის დეგუსტაცია”, – ამბობს მმართველი კომპანიის რეგიონული დირექტორი.
ქეთევან მიქაშავიძის ცნობით, ტურისტულ ობიექტს გეგმაში აქვს სეზონური მენიუების შემოთავაზება და პერიოდულად განახლება. რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორანი მომხმარებელს სეზონის შესაბამის სამზარეულოს შესთავაზებს.
“„სირაჯხანა“ მუდმივად ცდილობს სტუმრების კულინარიული გამოცდილება გაამდიდროს და მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალური გემოები გააცნოს. ამ მიზნით, რესტორანში რეგიონული სამზარეულოების თვეები დაიწყო, სადაც ყოველთვიურად კონკრეტული რეგიონის ტრადიციული კერძებია წარმოდგენილი. ამჟამად, მეგრული სამზარეულოს თვე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს ჩვენი შეფ მზარეულის მომზადებულ ისეთ ავთენტიკურ მეგრულ კერძებს ვთავაზობთ, როგორიცაა ელარჯი, ხარჩო, გებჟალია. ეს ინიციატივა საშუალებას აძლევს სტუმრებს, ყოველ ვიზიტზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულინარიული მემკვიდრეობა აღმოაჩინონ და მრავალფეროვანი გემოებით დატკბნენ”, – ამბობს Hotel Collection International -ის რეგიონალური დირექტორი.
მისივე ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი განვითარებას აგრძელებს და სივრცეში ღვინის დეგუსტაციებს, კულინარიული საღამოებსა და სხვა მრავალ აქტივობას გეგმავს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს რესტორნის როლს არა მხოლოდ საკვების, არამედ კულტურის და მემკვიდრეობის კერად.
ინფორმაციისთვის, “სირაჯხანა” სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ღვინის მარანს ნიშნავს.