თბილისის ცენტრში, 26 მაისის მოედანზე მდებარე სასტუმრო Holiday Inn-ში პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა. ამ ოპერაციის დროს მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები, სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
ახალგაზრდა კაცი სასტუმროს შენობიდან პოლიციამ გამოიყვანა. მას სახეზე სისხლის კვალი ეტყობოდა, წელს ზემოთ კი მხოლოდ საზაფხულო ქურთუკი ეცვა.
„შეტყობინება შემოვიდა სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით… მოხდა ნომერში ღონისძიების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია.
შეტყობინებასა და სასტუმროს მენეჯმენტის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გაიგონეს გასროლის ხმა…
დავაკავეთ ერთი პიროვნება“, – თქვა კაცის დაკავების შემდეგ ვაჟა სირაძემ, თბილისის პოლიციის უფროსმა.
საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
· 151-ე – მუქარა;
· 236-ე – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ვაჟა სირაძის თქმით, პოლიცია კვლავ აგრძელებს სასტუმროს ნომრის ჩხრეკას იარაღის აღმოჩენისა და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
