„გარუსებულ ქართველებს ეს ქვეყანა არ დარჩებათ“ – გიორგი ახობაძის საბოლოო სიტყვა

ექიმ გიორგი ახობაძის საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ ბოლო სხდომაზე, რომლის შემდეგაც მხოლოდ განაჩენის გამოცხადებაა დარჩენილი, მან საზოგადოებას მიმართა, ტექსტს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს:
„აუცილებლად მინდა ვისაუბრო მოტივზე, რის გამოც აქ ვართ შეკრებილები და რის გამოც ციხეში ჩამსვეს – თუ ერთი წინადადებით აღვწერთ, ეს საქმე არის „რუსული რეჟიმის“ მსახური, მხდალი, შეშინებული ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ზუსტად ამას მიფიქსირებდნენ დაკავების დროს.
სხვა რომ ვერაფრით ვერ მომერივნენ, ვერც დაშინებით, ვერც დისკრედიტაციით (ჩემს მანქანაზე, სახლის ფასადზე წარწერებით), მოიფიქრეს ბანაული „ჩადების საქმე“, რომელშიც განსაკუთრებულად დახელოვნებურები არიან – ეს -ის სავიზიტო ბარათია დამოუკიდებელი საქართველოს მანძილზე.
რევანშში ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორი და მოსამართლეები. მათ „საგმირო“ საქმეებზე დეტალურად ვისაუბრებ“.
ამ დროს ახობაზეს სიტყვა შეაწყვეტინა მოსამართლე ტყეშელაშვილმა და უთხრა „მოსამართლეებთან დაკავშირებით მოზომილად“ ესაუბრა – „სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით მსგავსი კონტექსტი, შეხედულება ამოიღეთ!“
„მე ესენი შიგნიდან ვნახე გაშიშვლებულები და თუ ჩემს სიტყვას ენდობით, როცა მიჭერდნენ, ყველაზე სასაიამოვნო იმის ცქერა იყო, როცა ვხედავდი, ჩვენგან დამარცხებულები როგორი ქანცგაწყვეტილები, დამშეულები და ღირსება აყრილები იყვნენ. ასე იცის მტრის მსახურებამ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლამ.
მათ [პოლიციელებმა], ჩვენზე კარგად იციან, რომ საკუთარი თავები დაასრულეს. გულწრფელად მებრალებიან – ძნელია, თან ცოცხალი იყო და თან აცნობიერებდე, რომ მორალური გვამი ხარ. ამ პროცესებზე მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვასამართლებენ, სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავებისთვის გამოაქვთ განაჩენები.
ამათ საუბედუროდ, დახვრეტა აღარ არის და ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით, რომლებიც გააქრეს მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჩვენ ცოცხლები დავრჩებით – თითოეულ ჩამქვრალ ოცნებაზე პასუხს მოვთხოვთ. გარუსებულ ქართველებს ეს ქვეყანა არ დარჩებათ.
თუ მე ამის უფლება მაქვს, მინდა ბრძოლისკენ მოგიწოდოთ და ჩემი ეს მოწოდება მზია ამაღლობელის სიტყვებით გავაკეთო – „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“. ეს ის სიტყვებია, რომელიც სულ ყურში მესმის და ის შინააარსია, რომელზეც წლებია ვსაუბრობ – მტერი და საფრთხე კარგად შეფუთულია და ზოგისთვის ძნელად აღსაქმელი. თუ ჩვენ დავაგვიანებთ, შედეგი იქნება დრამატული.
ბოლოში მაინც ჩვენ მოვიგებთ! – თქვა ჩემმა ერთმა მეგობარმა. ციხით გვაშინებენ, მაგრამ ციხე არ არის საშიში – ციხეში ის საბრძოლო ველი პატარავდება და ეს მაწუხებს. ჩემი ბრძოლა 20 კვადრატულ საკანში ვერ ეტევა და ეს არის ჩემი დისკომფორტი“. (რადიო თავისუფლება)