„გარე ვაჭრობის ადგილებში საერთოდ არაფერი არ უნდა შევიძინოთ, მით უმეტეს, მაღალი რისკის მატარებელი პროდუქტები“, – ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა და განმარტა, რას უნდა მიაქციონ მომხმარებლებმა ყურადღება ხორცპროდუქტების შეძენისას.
როგორც სპეციალისტი განმარტავს, ხორცპროდუქტების შეძენისას მომხმარებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ პროდუქცია განთავსებული იყოს მაცივარში. მისი თქმით, ყველა ორგანიზებულ გასაყიდ ობიექტს, მათ შორის ბაზრებს, აქვთ ვალდებულება, რომ ხორცპროდუქტები შეინახონ მაცივარში. ასეთ ადგილებზე ვრცელდება სახელმწიფო კონტროლიც.
ამასთანავე, ირაკლი არაბულმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება გარე ვაჭრობის ობიექტებზე; შესაბამისად, ისეთ გარე სავაჭრო ადგილებზე, სადაც არ არის მაცივარი და პროდუქტი არ ინახება შესაბამის პირობებში, ხორცის შეძენა საფრთხის შემცველია.
„გარე ვაჭრობის ადგილებში საერთოდ არაფერი არ უნდა შევიძინოთ, მით უმეტეს, მაღალი რისკის მატარებელი პროდუქტები – იქნება ეს რძის პროდუქტები თუ ხორცი. თუ ბაზრის გარეთ ხდება იმ ხორცის რეალიზაცია, რომელიც არ დევს მაცივარში, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება.
საქართველოში არსებული ნებისმიერი ბაზარი არის რეგისტრირებული და დახლთან მდგომ გამყიდველს აქვს ვალდებულება, რომ ხორცი განათავსოს მაცივარში, რადგან ამას აკონტროლებს სახელმწიფო. უნდა მოვერიდოთ იმ ხორცის ყიდვას, რომელიც არ დევს მაცივარში, შესაბამის პირობებში.
შესაძლოა ბაზარშიც შეგვხვდეს შემთხვევა, როცა ხორცი დევს მაცივრის გარეთ – ეს რა თქმა უნდა, დარღვევაა და არ უნდა შევიძინოთ სარეალიზაციოდ გამოტანილი მსგავსი ხორცი“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ირაკლი არაბულმა.
