გარეტ უორდი – შეშფოთებული ვიყავით, როცა არასამთავრობოების შემზღუდველი კანონი მიიღეს, იმედგაცრუებული დავრჩით, როცა პარტნიორების შესახებ შეთქმულების თეორიები დაიწყო და შოკირებული ვიყავით, როცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დაანონსდა

ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როცა პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა დასავლელ პარტნიორებთან დაკავშირებით და შოკირებული ვიყავით, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა.
„დიდი ბრიტანეთი უშუალოდ არ არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და იმ რეფორმებს, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო. დიდი ბრიტანეთი ნატო-ს წამყვანი მოკავშირეა და ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების როლს ვასრულებთ საქართველოში. ბრიტანეთი ასევე ატარებს სამხედრო წვრთნების ფართო სპექტრს და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, მაგრამ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსია, ის პოლიტიკური გაერთიანებაცაა. შესაბამისად, ნატო-ში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია საქართველომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები თავისუფალი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის და საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით.
სწორედ ამიტომ გამოთქვა შეშფოთება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შეუსაბამოა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.
დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა“, – განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება უშუალოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ბრიტანელმა დიპლომატმა განმარტა, რა პრობლემებს ხედავს აღნიშნულ კანონში დასავლელი პარტნიორები.
„ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი აზიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავისუფალ მედიას საქართველოში. ის არის არაპროპორციული და ახშობს სიტყვის თავისუფლებას, ასევე სტიგმატიზაციას უკეთებს მათ, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს“, – აღნიშნა მან.
ელჩმა, ასევე, გააკრიტიკა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტიც.
„კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებების და არასწრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ დისკრიმინაციულია უმცირესობათა მიმართ და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ჩემი გამოცდილებით, საქართველო არის ტოლერანტული საზოგადოება, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებით და ეს კანონები ეწინააღმდეგება ამას, ისევე როგორც ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც განმტკიცებულია ევროპის საბჭოს მიერ“, – განაცხადა ელჩმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბურჯანაძე – ჯოზეფ ბორელის განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია – ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო