გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი რვა სამხარეო ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ რვა სამხარეო ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინეს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენი ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებულ გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
ბიულეტენს, ასევე, ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზირებული რუკები საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციებს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს.
აღნიშნული ბიულეტენი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სპეციალისტებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს პირადად წარუდგინა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას უწყების ძირითადი საქმიანობებისა და მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეებში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2024 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონებში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.