გარემოს ეროვნული სააგენტო მყინვარულ ხეობებში საფრთხეების გამოვლენას იწყებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყნის ტერიტორიაზე მყინვარულ არეალებში საფრთხეების გამოვლენასა და შეფასებას იწყებს. ამ მიზნით სააგენტო გეგმავს შვეიცარიულ კომპანია – GEOTEST-თან თანამშრომლობას.
სამუშაოების დაწყება დაუყოვნებლივ იგეგმება, რადგან შოვში მეწყრული პროცესების გამოწვევის მიზეზების გამოკვლევამ აჩვენა, რომ კავკასიონის ფერდობებზე აუცილებელია რისკების შესწავლა.
“საფრთხეების განვითარების შესაძლებლობა გაზაფხულის სეზონიდან აქტიურდება. გამომდინარე აქედან, საჭიროა კვლევების დაუყონებლივ განხორციელება, რათა იდენტიფიცირებულ იქნას მაღალი დონის საფრთხის შემცველი არეალები და კვლევაზე დაყრდნობით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განხორციელდეს სათანადო მონიტორინგი საველე ექსპედიციების, მიწისპირა ინსტრუმენტალური დაკვირვებებისა და სატელიტურ სურათების გამოყენებით”, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
კვლევის ფარგლებში:
· სატელიტური სურათებითა და დრონებით შეგროვდება მყინვარულ ხეობებში დასახლებებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების რისკების მონაცემები, მომზადდება ანგარიშები და რუკები;
· რისკების გათვალისწინებით შემუშავდება რეკომენდაციები და საპრევენციო ღონისძიებები.
კვლევისთვის ჯამში გამოყოფილია 594 000 ევრო, რაც 1,7 მილიონ ლარზე მეტია. ამ თანხას დაემატება დღგ-ს ღირებულება (18%). მყინვარების არეალებში საფრთხეების გამოსავლენად საჭიროა 6 თვე, საიდანაც რამდენიმე საფრთხის შემცველი ხეობის მონაცემები 3 თვეში იქნება.