გარემოს ეროვნული სააგენტო ევროპის მეტეოროლოგიურ ქსელის წევრი გახდა

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის მეტეოროლოგიურ ქსელს (EUMETNET) შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა მოაწერა.
„აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტს შესაძლებლობა მიეცემა, ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნების ეროვნულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან, მიიღოს მონაწილეობა საერთო პროგრამებსა და მოდულებში და ისარგებლოს ერთიანი სასწავლო რესურსებით. თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების ხარისხს საქართველოში და გააძლიერებს სააგენტოს შესაძლებლობებს კლიმატური სერვისებისა და ადრეული გაფრთხილების მიმართულებით“, – აღნიშნა ელენე ღუბიანურმა.
ევროპის მეტეოროლოგიური ქსელი (EUMETNET) წარმოადგენს თანამშრომლობისა და კოორდინაციის პლატფორმას ეროვნულ ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურებს შორის, რაც ემსახურება ევროპის მასშტაბით ამინდის პროგნოზირების, კლიმატური მომსახურებებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებასა და გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ ევროპის მეტეოროლოგიური ქსელი (EUMETNET) დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც 33 წევრ და 6 მოთანამშრომლე ორგანიზაციას აერთიანებს.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს