გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა კომიტეტის წევრებს წლიური ანგარიში გააცნო

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა კომიტეტის წევრებს სააგენტოს 2025 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო.
სააგენტოს ხელმძღვანელმა მიმდინარე წელს განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე და უწყების ძირითადი ფუნქციების გათვალისწინებით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა. ელენე ღუბიანურმა ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, გარემოს დაცვის მაღალი სტანდარტების დაცვას და, მეორე მხრივ, ყველა იმ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას, რომელსაც განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
აღინიშნა, რომ ამ დროისათვის სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიური გადაიარაღება, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი, რაც გაზრდის როგორც შედეგების სიზუსტეს, ასევე, ხელს შეუწყობს ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას. ასევე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაცია უფრო მოქნილი გახდეს და ადრეული გაფრთხილების სისტემა იყოს უფრო ეფექტიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ელენე ღუბიანურმა სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების, მათ შორის, ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების კვლევების მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ასევე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გეოდინამიკურ პროცესებსა და მიმდინარე გამოწვევების შესახებაც ისაუბრა.
სხდომას პარლამენტის წევრები და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს