გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორისაა, ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მათ შენობის წინ კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად და ადგილობრივები კოლონებით თბილისში დღეს ჩამოვიდნენ. ისინი დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.
21 ოქტომბერს გარემოს დაცვის სააგენტროში განაცხადეს, რომ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია, შესაძლოა, გადაიხედოს. მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტრო ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა დაასახელეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტორმა არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ლიცენზიას იღებს, შესაბამისად, როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, დაჯარიმეს პროცესი დაიწყეს.