გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე 13 პირი დააკავეს – შსს განცხადებას ავრცელებს

აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს 13 პირი, – ამის შესახებ შშს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს 13 პირი.

აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უწყვეტმა პროტესტმა რაჭის ტყეების ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით რაჭიდან თბილისში დღეს გადმოინაცვლა.
ტერიტორიაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.
ინფორმაციისთვის, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ აქვს, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განცხადება განაცხადა, რომ რაჭის ტყეებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნა იგეგმება და ეს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვას გამოიწვევს.