გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოს გარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს.
პროტესტის მონაწილეების თქმით, რადგან ისინი შენობის ეზოში სამართალდამცველებმა არ შეუშვეს, იძულებულები არიან, კარავი გარეთ გაშალონ. კარვის გაშლას ტერიტორიაზე შეკრებილები ტაშითა და შეძახილით: “გავიმარჯვეთ” შეხვდნენ.
“ეზოში რადგან არ გვიშვებენ, იძულებული ვართ გარეთ პატარა ტერიტორიაზე გავშალოთ ის კარავი, რაც დაგვრჩა. ამ ეტაპზე, გამოდის, რომ კარავი გაიშალა. ამასთან, ახლა გაგვაგებინეს რამდენიმე ადამიანის ადგილსამყოფელი”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მანამდე, აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ სამინისტროს ეზოში შესულიყვნენ, რათა კარავი იქ გაეშალათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.
ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორისაა მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი. საკითხს განცხადებით გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.