გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ავტოიმპორტიორებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ავტოიმპორტიორებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს „ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა წარმოადგენდა.

მინისტრის მოადგილემ გარემოს დაბინძურების შემცირების, ნარჩენების მართვის რეგულირების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობა.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციით, მნიშვნელოვანია ისეთი რეგულაციების შემუშავება, რომელიც მოქნილი და მისაღები იქნება როგორც პოლიტიკის გამტარებლებისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის და მაკონტროლებლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის მიზანს ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა წარმოადგენს.

ტექნიკური რეგლამენტის პროექტი ასევე ითვალისწინებს ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან სხვაგვარად აღდგენისა და ასეთი ნარჩენის განთავსების შემცირების უზრუნველყოფას.
როგორც აღინიშნა, სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
ტექნიკური რეგლამენტის პროექტის სამუშაო ვერსია ნარჩენების მართვის კოდექსს ეფუძნება და აღნიშნული მიმართულებით არსებულ ევროკავშირის დირექტივებს ითვალისწინებს.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს