გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტში უკანონო ტყით სარგებლობის 278 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 278 ფაქტი გამოავლინეს; 196 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 82 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 43 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყით სარგებლობის ყველაზე მეტი – 58 ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთში; იმერეთში დაფიქსირდა 52 სამართალდარღვევა, კახეთში – 49, სამცხე-ჯავახეთში – 36, შიდა ქართლში – 23, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – 19, აჭარაში – 16, გურიაში – 10, მცხეთა-მთიანეთში – 7 და ქვემო ქართლშიც – 7. სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტში, თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი აღკვეთეს. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 27 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყით სარგებლობის 716 ფაქტი გამოავლინეს.