გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
„შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი.
უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.