“გარეთ დარჩენილები ვერ ვაზიანებთ რეჟიმს ისე, როგორც ჩვენი პატიმრები აკეთებენ ამას” – ლევან ღამბაშიძე

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, სინდისის პატიმრების პასუხს შეწყალებასა და ბოდიშის მოხდაზე, კონკრეტულად კი, პასუხს, რომ უდანაშაულო ადამიანები ბოდიშს არ იხდიან, რომ იქეთ ელოდებიან ბოდიშის მოხდას, რომ ყაველაშვილს არ მიმართავენ შეწყალებისთვის, ეხმაურება და წერს:
ფერენც სანტას “მეხუთე ბეჭედში” უდანაშაულო ადამიანებს დაიჭერს უნგრული ნაცისტური რეჟიმი. ახალგაზრდა ნაცისტი ძალიან მაგრა გალახავს ყველა პატიმარს და მათ გაშვებას აპირებს. ამ დროს გამოცდილი ნაცისტი მინილექციას უკითხავს იმაზე, თუ სინამდვილეში რას უნდა მიაღწიოს რეჟიმმა პატიმრების დაკითხვის დროს. მთავარი არის – თავმოყვარეობის, საკუთარი თავის პატივისცემის, საკუთარი ღირსების განცდის განადგურება.
“გვამის შექმნა ადვილია, მაგრამ ისეთი გვამის შექმნა, რომელიც განაგრძობს ჭამას, სმას, მუშაობას და ამასთან ნამდვილი გვამების მსგავსად მოკეტილი აქვთ, ეს უფრო რთულია.”
და რა უნდა ქნა მოსიარულე გვამი რომ შექმნა? წიგნში ორი გზა არის მოცემული: ბოდიშის მოხდა და რამე ისეთის გაკეთება, რომელიც საკუთარი თავის პატივისცემას შეუძლებელს გახდის. თუ რეჟიმმა ეს შეძლო, მაშინ მან გაიმარჯვა. ამიტომ იყო, რომ ბოლშევიკები ზოგიერთ სასამართლოს საჯაროდ მართავდნენ და დაკითხვის ოქმებს გაზეთებში აქვეყნებდნენ. საჯარო ტირილი და შეწყალების თხოვნა უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა. ზუსტად ამ მიზეზით დახურა ივანიშვილის რეჟიმმაც სასამართლო. იმიტომ, რომ სასამართლოზე რეჟიმი დამარცხდა.
ეს არის წიგნში მოცემული გამოცდილი ნაცისტის მოსაზრება, რომელიც ზუსტად აღწერს იმას, რის მიღწევასაც რეჟიმი სინდისის პატიმრებთან ცდილობს.
“არასოდეს დაივიწყო, რომ ადამიანებს სჩვევიათ რომ საკუთარ თვის პატივისცემას ჩაებღაუჭონ, ისევე, როგოგორც შეუძლიათ ერთგულები იყვნენ ღირსების შესახებ საკუთარი წარმოდგენების მიმართ. მგონი არ შევცდები, თუკი ვიტყვი, რომ ამ კაცებს ჯერ არ აქვთ იმუნიტეტი საკუთარი თავის პატივისცემის მიმართ. მათ შენთვის შეწყალება არ უთხოვიათ, მეგობარო. ცოტა თავმოყვარეობა მათში ისევ არის. რამე ამაზე უფრო საშიში იცი?”
“აჯანყება, წინააღმდეგობის გაწევა, გაპროტესტება – მხოლოდ მათ, ვისაც საკუთარი თავის დაფასება შეუძლიათ, შეუძლიათ მსგავსი ქმედებების ჩადენა. სხვანაირად რომ ვთქვა: ადამიანებს, ვისაც საკუთარი თავის სწამთ. რა გამომდინარეობს აქედან? გაუშვებდი ხალხს, ვისაც ვეზიზღებით, ჩვენი ეშინია, მაგრამ საკუთარ თავს პატივს სცემენ? ხალხს, ვისაც სურვილის შემთხვევაში საკუთარი თავის იმედი აქვს? ასეთ შეცდომას დაუშვებდი? სანამ მათში საკუთარი თავის პატივისცემის მცირედი კვალი მაინც არის, სანამ მათში თავმოყვარეობის ერთი მუგუზალი მაინც ღვივის, მანამდე მათი უნდა გვეშინოდეს.”
და ეს არის სინდისის პატიმრების პასუხი. ამაზე დიდი წინააღმდეგობა წარმოუდგენელია. გარეთ დარჩენილები ვერ ვაზიანებთ რეჟიმს ისე, როგორც ჩვენი პატიმრები აკეთებენ ამას. მადლობისა თუ მათ წინაშე ქედის მოხრის აღმწერი სიტყვები არ არსებობს. ყოჩაღ მათ და მათ ოჯახებს. ყოჩაღ საზოგადოებას, სადაც ასეთი გმირები იბადებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს