„გარევაჭრობა სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთი დიდი პრობლემაა“

სურსათის უვნებლობის სპეციალისტის, ირაკლი არაბულის განცხადებით, სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთ დიდ პრობლემას გარევაჭრობა წარმოადგენს. როგორც არაბულმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, პროდუქტი აუცილებლად ორგანიზებულ ადგილებში უნდა შევიძინოთ, იქ, სადაც სახელმწიფო კონტროლი ხდება.
ირაკლი არაბული სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს გამოეხმაურა, რომელიც ივნისში აღინიშნება. დარგის ექსპერტმა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მხრივ არსებული ვითარება შეაფასა და მთავარი გამოწვევების შესახებ ისაუბრა. არაბულმა განმარტა, როგორ ავიცილოთ საკვებისმიერი დაავადებები თავიდან.
“გამოვეხმაურები 7 ივნისს, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო დღეს, რომელიც საქართველოში ბოლო წლებია აღინიშნება და ამ სფეროს განვითარებას, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. რაც შეეხება ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მხრივ არსებულ მდგომარეობას: თუ გადავხედავთ მონაცემებს, გასულ წლებთან შედარებით სახელმწიფო კონტროლის რაოდენობა მომატებულია, ობიექტების შემოწმება უფრო მეტი პერიოდულობით ხდება, ანუ გასული წლის განმავლობაში უფრო მეტი ობიექტი შემოწმდა, ვიდრე წინა წლების განმავლობაში მოწმდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია , რადგან რაც უფრო მეტი ობიექტი შემოწმდება, აღნიშნულ სფეროში უფრო მეტი კონტროლი იქნება. მომხმარებლებს სურთ ხოლმე, რომ ყველა ობიექტი შემოწმდეს, რაც ფიზიკურად გამორიცხულია იმიტომ, რომ არცერთ ქვეყნის მაკონტროლებელ ორგანოს, არც საქართველოს მაკონტროლებელ ორგანოს, იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ყველა ბიზნესოპერატორი ძალიან ხშირად შეამოწმოს. შემოწმება რისკის ანალიზის საფუძველზე ხდება და ყველაზე ხშირად ის ობიექტები მოწმდება, სადაც ყველაზე მაღალი რისკია. დაახლოებით ერთ თვის წინ 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემები, ინსპექტირების შედეგები გამოქვეყნდა [სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ]. ინსპექტირებით დაახლოებით 2 800-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა, საიდანაც, თუ სწორად მახსოვს, 111 ობიექტი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა. კრიტიკული შეუსაბამობა ისეთი დარღვევაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დაჯარიმებული 111 ობიექტში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორები იყვნენ, თითქმის ყველა დასახელების, რაც საქართველოში სურსათის სფეროში ოპერირებს. ყველაზე მეტი ხორცის რეალიზაციის ადგილები იყო. ეს არის მაღაზია, თუ აგრარული ბაზარი, სადაც ბიზნესოპერატორი რეგისტრირებულია და მისი შემოწმება ხდება. ამას შემდეგ რაოდენობის მხრივ კრიტიკული შეუსაბამოს გამო მოჰყვებოდა სწრაფი კვების ობიექტები , შემდეგ რესტორნები და ა.შ. ანუ, თუ ამ მონაცემებს ნახავთ, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც იმ ადგილებშია, სადაც ხორცის რეალიზაცია ხდება. ძირითადი პრობლემა მაინც ისეთი ხორცის რეალიზაციაა, რომელიც ვეტერინარის მიერ შემოწმებული არაა, ანუ სასაკლაოს გვერდის ავლითაა დაკლული, რაც ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს. შესაბამისად, ყველაზე მეტი კონტროლი ამ მიმართულებით მიდის და ასეთი ბიზნესოპერატორები მოწმდებიან,რადგან ისეთი ხორცი, რომელმაც სასაკლაოზე შემოწმება არ გაიარა, ყველაზე დიდი რისკის მატარებელია.
რაც შეეხება იმას, თუ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში სურსათის უვნებლობის მხრივ: ჩემი აზრით, ეს არის გარე ვაჭრობა ისეთი ადგილებში, სადაც კონტროლი არ ხერხდება, სადაც ნებისმიერი დასახელების პროდუქტი, მათ შორის, მალფუჭებადი, ღია ცის ქვეშ, არასათანადო პირობებში იყიდება, რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია. ამ შემთხვევაში მათზე სახელმწიფო კონტროლი ვერ ვრცელდება და ასეთი ადგილებიდან პროდუქტების შეძენას ყველა უნდა მოერიდოს, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შემთხვევაში. როგორც აღვნიშნე, გარევაჭრობა სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რისკის მატარებელია. თქვენ სხვადასხვა დაავადების დადასტურებული შემთხვევების შესახებ აღნიშნეთ. ტრიქინელოზის შემთხვევაც, ბოტულიზმის შემთხვევაც ზუსტად გარევაჭრობის ადგილებიდან მოდიოდა.
მით უმეტეს, ახლა ცხელი პერიოდი წამოვიდა, ზაფხულია და რისკი უფრო მეტადაა, ვიდრე ზამთრის პირობებში. ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა მაღალია, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 30-იდან 40 გრადუსამდე, შეიძლება, იყოს, რაც თავის მხრივ პროდუქტის გაფუჭებას უფრო აჩქარებს, თუ ის შეუსაბამო პირობებში იყიდება. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ისეთი პროდუქტების ღია სივრცეებიდან შეძენას, რომელსაც როგორც რეალიზაციის, ისე შენახვის დროს მაცივარი სჭირდება. პროდუქტი აუცილებლად უნდა შევიძინოთ ორგანიზებულ ადგილებში, იქ, სადაც სახელმწიფო კონტროლი ხდება. უნდა შევიძინოთ შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმებში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიძინოთ ქუჩაში დადებული ხორცი, ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები და ა.შ. რადგან, ძალიან მაღალი რისკი არსებობს. კვებითი მოშხამვის ფაქტები უმეტეს შემთხვევაში სწორედ ქუჩაში შეძენილი პროდუქტებიდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, როდესაც რომელიმე პროდუქტს ვამზადებთ, ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენა, ხელების საფუძვლიანი დაბანა, როგორც პროდუქტის მომზადებამდე, ისე პროდუქტის მომზადების შემდეგ, რათა საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციები თავიდან ავიცილოთ”- განაცხადა ირაკლი არაბულმა.
არაბულმა სურსათიდან მომდინარე ქიმიური საფრთხეების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, როგორ დავიცვათ თავი ზედმეტი ნიტრატებისგან.
“რაც შეეხება ნიტრატებს: ეს პროდუქტისთვის ქიმიური საფრთხეა. საკითხი ძალიან აქტუალურია განსაკუთრებით ამ პერიოდისთვის, როდესაც ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდის. სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთი გამოწვევა ზღვარზე მაღალი ნიტრატების რაოდენობაა. ნიტრატები აზოტმჟავას მარილებია, რომლებიც ბუნებაში თავისთვის გვხვდება, ნიადაგშია და ბოსტნეულს ზრდაში, განვითარებაში ეხმარება. როდესაც ფერმერი ძალიან დიდი რაოდენობით სასუქებს, პესტიციდებს, თუ სხვა ქიმიურ დანამატებს იყენებს, ამ შემთხვევაში ეს ნიტრატები ზღვარს სცილდება და იმ ზღვარზე ადის, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არ შეიძლება. ყველა პროდუქტისთვის არსებობს ნიტრატების რაოდენობა,რის ზემოთაც უკვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამის გასაკონტროლებლად საქართველოში პირველადი წარმოება კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ეს სხვა მიმართულებებთან შედარებით ნაკლებად კონტროლდება. სურსათის უვნებლობა არის ჯაჭვი და მოიცავს ფერმიდან სუფრამდე რგოლებს. ეს რგოლები ყველა უნდა კონტროლდებოდეს. პირველი რგოლი ფერმა და პირველადი წარმოებაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად კონტროლდება და ზუსტად ეს უნდა იყოს ყველაზე ხშირად კონტროლირებული. როგორ უნდა მოვიქცეთ სახლის პირობებში: მაგალითისთვის, თუ მივიტანეთ პროდუქტი და არ გვაქვს არანაირი ხელსაწყო, რითაც შეიძლება, ნიტრატების რაოდენობა გავზომოთ, შეგვიძლია, გარკვეული ხილი და ბოსტნეული წყალში დავაყოვნოთ ( მაგალითად, ისეთი ხილი/ბოსტნეული რომელიც, შეიძლება, წყალში დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდეს). მაგალითად, მარწყვის და კენკროვანი ხილის დიდი ხნით წყალში დაყოვნება არ შეიძლება. პომიდორი, კიტრი, კარტოფილი და ა.შ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში წყალში რომ დავაყოვნოთ, მათგან ნიტრატების რაოდენობის 20%-იდან 40%-მდე გამოვა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხილ-ბოსტნეულს, თავი და ბოლო მოვაჭრათ, რადგან ნიტრატების ყველაზე დიდი რაოდენობა ზუსტად თავსა და ბოლოში გროვდება. მწვანილების შემთხვევაში, ყველაზე მეტი ნიტრატი შეიძლება, ღეროში არსებობდეს. ამიტომ ღეროები საკვების მოსამზადებლად არ უნდა გამოვიყენოთ და და თავი ზედმეტი ნიტრატებისკენ ამით დავიცვათ. ნიტრატების შემცველობა საკმაოდ პრობლემურია, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი შესყიდვები და ანალიზების ჩატარება ხდება, ხშირ შემთხვევაში ვლინდება, რომ ნიტრატები გადაჭარბებული რაოდენობითაა. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ პირველადი წარმოება შესაბამისი კონტროლის ქვეშ არაა. პირველ რიგში, მაინც საზამთროა, რაშიც ნიტრატები ყველაზე ხშირად შეიძლება, იყოს. შემდეგი მოდის კარტოფილი, ასევე კომბოსტო. რაც შეეხება ნიტრატების საზომ აპარატებს: ეს შეგვიძლია, სახლის პირობებში გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ეს ლაბორატორიის შესაბამის დასკვნას ვერ მოგვცემს , მაგრამ სახლის პირობებში მშვენიერი გამოსაყენებელი ინსტრუმენტია”- განაცხადა არაბულმა.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ე.წ. რძის სკანდალის თემასაც გამოეხმაურა.
“ისეთი შემთხვევები, როგორიც რამდენიმე თვის წინ საქართველოში მოხდა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართულ წარმოებას ხაზი უნდა გადავუსვათ და არ უნდა შევიძინოთ. რა თქმა უნდა, იმ მომენტში მოსახლეობას, მომხმარებლებს პროტესტი ჰქონდათ და სავსებით საფუძვლიანი იყო, რადგან კომპანიას ასეთი შეცდომა მოუვიდა. ჩემი ინფორმაციით, იმის შემდეგ ასეთი შემთხვევა აღარ ყოფილა, კონტროლი უფრო გამკაცრდა. შეგვიძლია, ისევ ქართული წარმოებას ვენდოთ, ქართული წარმოების რძის პროდუქტები შევიძინოთ, მაგრამ შესაძლებელია, მომხმარებელს ასევე ალტერნატივა შევთავაზოთ. ქართული წარმოების შემდეგ აუცილებლად ევროპული პროდუქტები უნდა შევიძინოთ, რადგან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები ყველაზე მაღალი დაცვით მსოფლიოში სწორედ ევროკავშირის ქვეყნებშია.
[რძის პროდუქტების ბაზარზე] რა თქმა უნდა, პირველი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ნედლი რძის მარაგი არ გვაქვს. ის რაოდენობა არაა,რაც გვჭირდება. გამოწვევაც ესაა, საქართველოში რძის წარმოება უნდა გაიზარდოს”- განაცხადა ირაკლი არაბულმა.
kvira.ge