ჩემს შვილს ცხელება ჰქონდა, რამდენი უნდა ჰქონოდა ტემპერატურა, რომ სავალდებულო კვლევები ჩატარებულიყო? მითუმეტეს, ხარისხის პატრონია ქეთევან ლობჟანიძე და მას ინფექციური და ბაქტერიული ვირუსი ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა, – ამის შესახებ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმი ქეთევან ლობჟანიძე, რომელმაც საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ვრცლად ისაუბრა, ბევრ რამეს მალავს.
„ქალბატონმა ქეთევან ლობჟანიძემ ბევრი რამე დამალა. ვსვამ კითხვას, არ გიჩნდებათ რელევანტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია და ახლა საუბრობენ თითქოს, სიმართლეს. სამედიცინო ისტორიაში სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებები დევს, სულ სხვა მოცემულობებია. საქმეზე ჩატარებულია უამრავი ექსპერტიზა, მათ შორის, სატელეფონო, ჩემი შვილის ფონოსკოპური ექსპერტიზები, იქ დადგენილია გარემოებები, ექიმების დაუდევრობები და გულგრილი დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
კითხვაზე, თუ რა დამალა ლობჟანიძემ, ჩარკვიანი პასუხობს, რომ „მის შვილთან ექიმები არ შედიოდნენ“.
„ყურადღებას ვაქცევდიო, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა… ჩემთან შვილთან ექიმი არ შედიოდა, საჭმელიც არ შეჰქონდათ“, – განაცხადა ჩარკვიანმა და დასძინა, რომ ეს სწორედ, ქეთევან ლობჟანიძის მორიგეობებს ემთხვეოდა.
„ზუსტად, 12-14 აგვისტოს ეპიზოდებია. როდესაც ჩემი შვილი ე.წ. კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს, ყველა კვლევა სრულყოფილად არ ჩაუტარეს. როდესაც სისხლიანი ნახველით შევიდა, აუცილებელი იყო, გამოერიცხათ ტუბერკულოზის არსებობა-არ არსებობის საკითხი, “კატეს” დასკვნა გამორიცხვის მეთოდი არ არის. როცა საუბრობენ, რომ ჩემს შვილს ციტოკინური შტორმი განუვითარდა, ამის გამომრიცხავი მექანიზმი იყო ანალიზები, კვლევების ჩატარება, რომელიც აუცილებელი და სავალდებულო იყო პირველ, მეორე დღეს და არა მეოთხე, მეხუთე დღეს, როცა ჩემი შვილის მდგომარეობა მძიმდებოდა. თრომბოციტოპენია, როდესაც დავარდნილი იყო ნორმასთან მიმართებით, ჰემატოლოგის მიერ არ იქნა კონსულტირებული.
მისი [ქეთევან ლობჟანიძის] ჩვენება რომ ნახოთ, იქ წერია, „რემდესივირი“ აპრობირებული იყო და შეიძლებოდა მისი გაკეთება, რაზეც მან მის ჩვენებაში მიუთითა, რომ „სპორტსმენი ბიჭია და არ ჩავთვალე საჭიროდო“, ეს მტკიცებულება თავის გამოკითხვის ოქმშია დაფიქსირებული. ჩემი შვილის მდგომარეობა პირველ სართულზე მიზანმიმართულად დაამძიმეს და სხვა ექიმებმა მიზანმიმართულად შეიწირეს ის… ჩემს შვილს ცხელება ჰქონდა, რამდენი უნდა ჰქონოდა ტემპერატურა, რომ ელემენტარულად, ეს სავალდებულო კვლევები ჩატარებულიყო? მითუმეტეს, ხარისხის პატრონია ქეთევან ლობჟანიძე და ინფექციური და ბაქტერიული ვირუსი ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობის პროცესი ბრალდებულის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა, მან პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი არ გაითვალისწინა და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
