გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა – საბრალდებო სკამზე ექიმთან ერთად სხვებიც უნდა ისხდნენ

გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე ექიმ ქეთევან ცერცვაძესთან ერთად, „საბრალდებო სკამზე სხვებიც უნდა ისხდნენ“.
აღნიშნულის შესახებ გაიოზ ჩარკვიანმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ექიმს, ქეთევან ცერცვაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
„8 დღის განმავლობაში ინფექციონისტი არ შესულა, რომელსაც [მდგომარეობა] თერაპევტთან ერთად უნდა ემართა. აგრეთვე, თვითონ [ბრალდებულმა ექიმმა] თქვა, რომ ეს ანტიბიოტიკი მე არ დამინიშნავსო და ეს სიმართლეა. აქედან გამომდინარე, საბრალდებო სკამზე მასთან ერთად სხვებიც უნდა ისხდნენ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პროკურორი იქნება თუ მოსამართლე, მისი გამოტანილი გადაწყვეტილებით არ მინდა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდეს, ისევ და ისევ, მის ექიმთან, მოსამართლეზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.
პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ