დღეს, 20 მარტს კიევში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი.ამ ფაქტს გამოეხმაურა უკრაინის ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელსაც ბოლო პერიოდში ფილარეტთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. მან მწუხარება გამოთქვა ფილარეტის გარდაცვალების გამო.„დღეს ჩემს გულში, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულში, ღრმა სევდა და მწუხარებაა, რადგან დასრულდა უწმინდესი პატრიარქის, ფილარეტის მიწიერი გზა.მოვუწოდებ სრულიად უკრაინის სამწყსოს, აღავლინონ გულწრფელი ლოცვები ახლად შესვენებული პატრიარქის, ფილარეტის სულის მოსახსენებლად, რომელიც დღეს უფალთან მიიცვალა. შევთხოვთ ყოვლისშემძლეს, მიიღოს იგი თავის ცათა სასუფეველში. გულწრფელი სამძიმარი განსვენებული მღვდელმთავრის ოჯახს!ჩვენ ყოველთვის გვეხსომება პატრიარქ ფილარეტის დარიგებები კიევის საყდრის გარშემო უკრაინის ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ. გვახსოვდეს და აღვასრულოთ მისი გაკვეთილები და მითითებები ერთიანობის მნიშვნელობაზე, ღვთის ნებისა და ეკლესიის სისავსის წინაშე მორჩილებაზე, ღვთის, ქრისტეს ეკლესიისა და უკრაინელი ხალხის თავდადებულ მსახურებაზე”, – დაწერა ეპიფანემ.პატრიარქი ფილარეტი (ერისკაცობაში მიხაილო დენისენკო) თანამედროვე მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ფიგურაა. მისი ბიოგრაფია ასახავს უკრაინის ბრძოლას რელიგიური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის.ის 1950 წელს აღიკვეცა ბერად ფილარეტის სახელით. ის საბჭოთა პერიოდში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში (РПЦ) მსახურებდა1966 წელს ის გახდა უკრაინის ეგზარქოსი. ის იყო პირველი ეთნიკური უკრაინელი ამ თანამდებობაზე ბოლო 150 წლის განმავლობაში.1990 წელს რუსეთის პატრიარქ პიმენის გარდაცვალების შემდეგ, ფილარეტი დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ. ის რეალური კანდიდატი იყო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პოსტზე, თუმცა საბოლოოდ არჩევნებში ალექსი II-თან დამარცხდა.ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მარცხმა და დამოუკიდებელი უკრაინის იდეამ განაპირობა მისი შემდგომი ნაბიჯები.1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ფილარეტმა დაიწყო მოთხოვნა უკრაინის ეკლესიის სრული ავტოკეფალიის შესახებ.მოსკოვმა ეს ნაბიჯი არ აპატია. 1992 წელს მას მღვდელმსახურება აუკრძალეს, ხოლო 1997 წელს რუსეთის ეკლესიამ ის ანათემას გადასცა (ეკლესიიდან მოკვეთა).ფილარეტმა არ აღიარა მოსკოვის გადაწყვეტილება და ჩამოაყალიბა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია — კიევის საპატრიარქო. 1995 წლიდან ის ამ ეკლესიის პატრიარქი გახდა. ათწლეულების განმავლობაში ის მართავდა სტრუქტურას, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის მიერ არაღიარებული იყო, თუმცა უკრაინაში გავლენა ჰქონდა.2018 წელს მოვლენები დრამატულად შეიცვალა: მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გააუქმა ფილარეტზე დადებული ანათემა და ის კანონიკურ სტატუსში აღადგინა (როგორც ყოფილი მიტროპოლიტი).ფილარეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის სხვადასხვა ეკლესიების გაერთიანებაში, რის შედეგადაც შეიქმნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია .მან დათმო პირველობა და მხარი დაუჭირა თავის მოწაფეს, მიტროპოლიტ ეპიფანეს, რათა კონსტანტინოპოლს ტომოსი (ავტოკეფალია) გაეცა.ავტოკეფალიის მიღებიდან მალევე, ფილარეტი უკმაყოფილო დარჩა ახალი ეკლესიის წესდებითა და ეპიფანეს დამოუკიდებელი მმართველობით. ამის გამო მან სცადა კიევის საპატრიარქოს აღდგენა, რამაც გამოიწვია მისი კონფლიქტი ახალი ეკლესიის მმართველ ორგანოებთან. მიუხედავად ამისა უკრაინის ახალ ეკლესიაში მას კვლავაც უნარჩუნდებოდა საპატიო პატრიარქის სტატუსი.2025 წლის ნოემბერში გავრცელდა ცნობა, რომ ყოფილი მოწაფე და მასწავლებელი, ეპიფანე და ფილარეტი ერთმანეთს შეხვდნენ და შერიგდნენ.



