გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დედა

ზურა ჯაფარიძის მეგობრები და თანამებრძოლები ავრცლებენ ცნობას პატიმრობაში მყოფი “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის დედის გარდაცვალების შესახებ.
10 ივლისს ზურა ჯაფარიძის გვერდზე გამოქვეყნდა ციხიდან გამოგზავნილი მისი ტექსტი, სადაც განაჩენის გამოტანის დღეს აღწერს და დედასთან დაკავშირებულ შიშებზე საუბრობს.
„როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე, არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებული.
უფრო სწორად, პირველი რაც გავაკეთე ტელევიზორის წინ, საკნის შუაში მდგომმა, თითებზე გადავითვალე რამდენი გამოდიოდა, როდის უწევდა 7 თვე და მერე დავიწყე ფიქრი, რას ვმაზავ დეკემბრამდე.
კოსტას დაბადების დღე ივლისში.
ბებიაჩემის და ბიძაჩემის (რომლებიც ცოცხლები აღარ არიან და რომლებმაც გამზარდეს) აგვისტოში.
მამაჩემის (ასევე აღარაა ცოცხალი) დაბადების დღე სექტემბერში.
ალექსანდრეს დაბადების დღე ასევე სექტემბერში.
კატოს დაბადების დღე ოქტომბერში.
მერე ვიფიქრე, რომ ყველაფერი ნატას დაეყარა თავზე და უსამართლობაა.
მერე ვიფიქრე, რომ თვითონაც არ იცის რამდენად მაგარია და გაუძლებს.
მერე ისევ კოსტასთან დავუბრუნდი და ვიფიქრე, რომ ყველაზე მეტად მას გაუჭირდება.
მერე შემეშინდა, რომ ისეთი სიახლოვე აღარ გვქონდეს მე და კოსტას, როგორიც გვქონდა. შემეშინდა და შევეშვი ფიქრს.
დედაჩემზე გადავერთე, მასზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს.”
ჯაფარიძე ბოლო თვეების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშით დაკავებული მეოთხე ადამიანია, რომელსაც მშობელი პატიმრობისას გარდაეცვალა. სამი კვირის წინ გარდაიცვალა ონისე ცხადაძის მამა, იანვარში კი გური მირცხულავას მამა და გიორგი ახობაძის დედა.
პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე 2 მაისს დააკავეს, სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდის შემდეგ. 23 ივნისს მას 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს – ეს ვადა 2025 წლის 22 დეკემბერს გადის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – ღვთის მიერ ვართ ამქვეყნად წარგზავნილნი, რომ ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით, პეტრესა და პავლესთან – ისინი გვასწავლიან: თუ შესცოდე, მოინანიე, თუ დაეცი, ადექი, სულის სისუსტე თუ გამოავლინე, გამაგრდი