რუსულმა მედიამ ცნობა ზურაბ წერეთლის გარდაცვალების შესახებ მის თანაშემწეზე დაყრდნობით დღეს, 22 აპრილს, დილით გაავრცელა. თანაშემწის თანახმად, ღამის ორის ნახევრისთვის ზურაბ წერეთელს გული გაუჩერდა.
ზურაბ წერეთელი თბილისში დაიბადა. 1950-იანი წლების ბოლოს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
1960-იანი წლებიდან წერეთელი ძირითადად, რუსეთში მუშაობდა. იყო მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მთავარი მხატვარი, საბჭოთა კავშირის, რუსეთის, საფრანგეთის და იუნესკოს არაერთი მაღალი ჯილდოს მფლობელი და არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორი. მათ შორისაა მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის აღდგენა, გამარჯვების მემორიალი, პეტრე პირველის ქანდაკება და ა.შ.
რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
1992-1995 წლებში ზურაბ წერეთელი იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.
2006 წლის 23 ნოემბერს თბილისის თავისუფლების მოედანზე აღმართეს წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც ავტორმა, ზურაბ წერეთელმა თბილისს „ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.
