გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური სარწყავი არხი იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლემშვენიერას ტერიტორიაზე მცენარეებისა და შლამისგან 2 კილომეტრი სიგრძის ქვემო მაგისტრალური არხი იწმინდება.
ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც დაახლოებით 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
აღდგენილი საირიგაციო არხის მეშვეობით სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.