სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამმუშავებელი საწარმო გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ი.ს. ბიზნესსაქმიანობას (რძის გადამუშავება, ყველის წარმოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.
„ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა. ინსპექტორების მიერ ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები (კარაქი, სულგუნი), დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და 40 ტომარა რძის ფხვნილი. მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, – ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამმუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, სააგენტოს მიერ 29 უკანონო საწარმოა გამოვლენილი, მათ შორის 18 – ქვემო ქართლის რეგიონში.
