გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი მეოთხედ გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობა ეძებს ინვესტორს, ვინც გარდაბანში 350-430 მეგავატის სიმძლავრის ახალ თბოელექტროსადგურს ააშენებს. ამისთვის ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადდა, თუმცა კონკურსის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადავადდა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აუქციონის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლის 29 თებერვლამდე გადავადდა.
ამასთან შეიცვალა კონკურსის აღწერაც თუკი აქამდე ინვესტორებს წინადადების წარდგენა საბოლოო ვადამდე ნებისმიერ დროს შეეძლოთ, ახალი პირობით მათ წინადადებები 2024 წლის 22 თებერვლიდან – 29 თებერვლის პერიოდში უნდა გააგზავნონ GOGC-ში.
გადაიწია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაც და ის დაინტერესებული კომპანიებისთვის 2024 წლის მარტის ჩათვლით განისაზღვრა.
დაინტერესებულ ინვესტორებს წინადადებები თავდაპირველად 31 აგვისტომდე უნდა წარედგინათ, რაც 31 ოქტომბრამდე, შემდეგ 30 ნოემბრამდე გადავადდა, ამის შემდეგ 15 იანვრამდე, საბოლოოდ კი შეცვლილი პირობებით ის 29 თებერვლამდე გადავადდა (22-29 თებერვალში).