“გაოგნებული ვიყავი და არანაირი სურვილი აღარ მქონდა სემინარიაში მესწავლა” – ზვიად ტომარაძე

14
“ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
მე–11 კლასში ვიყავი ხატწერაზე რომ დავიწყე სიარული, სასულიერო სემინარიაში მინდოდა ჩაბარება ხელოვნებათმცოდნეობის განხრით… იმავე პერიოდში ჩემმა მოძღვარმა, ანჩისხატის წინამძღვარმა მამა რევაზ ტომარაძემ სტიქარის საკურთხებლად პატრიარქთან სიონში წამიყვანა. პატრიარქმა სიონის საკურთხეველში სახელი მკითხა, როდესაც ვუპასუხე: ზვიადი, მამა რევაზს მიუბრუნდა და უთხრა: ძალიან ამაყი სახელია, სახელი გადაარქვით! ის დღე იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღე იყო და ეკლესიურად იოანე დამარქვეს…
სემინარიაში პირველ ორ გამოცდაში 5–იანები მივიღე.
ბოლო გამოცდაზე ერთ–ერთმა გამომცდელმა, ახალგაზრდა სასულიერო პირმა იკითხა ტომარაძე რომელიაო? ვუთხარი მე ვარ მეთქი! თავისთან მაგიდაზე საგამოცდო საკითხების მაგივრად მკითხა მამა რევაზ ტომარაძე შენი რა არისო? ჩემი მოძღვარია და მოგვარე მეთქი, კარგი გასაგებია, თავისუფალი ხარო, სხვა არაფერი უკითხავს… გაკვირვებული წამოვედი…
უცნაური გამოცდის შესახებ მამა რევაზს მოვუყევი, ეს ფაქტი არ ესიამოვნა და მითხრა რომ ცოტა ხნის წინ, ცუდი საქციელისთვის ამ ახალგაზრდა სასულიერო პირისთვის მკაცრად შენიშვნა მიუცია…
მეორე დღეს გავიგე რომ ნიშანი 2–იანი მეწერა!
გაოგნებული ვიყავი და არანაირი სურვილი აღარ მქონდა სემინარიაში მესწავლა, თუმცა მამა რევაზმა მითხრა, რომ ამ ფაქტის ასე დატოვება არ შეიძლებოდა და ჯერ სასულიერო სემინარიის რექტორთან მეუფე აბრაამ გარმელიასთან, ხოლო შემდეგ პატრიარქთან წავედით… მეუფე გარმელიასთან იმ ახალგაზრდა სასულიერო პირმა კიდევ უფრო ცუდი რამ იკადრა, მოიტყუა თითქოს მე არასწორად ვუპასუხე მის საგამოცდო შეკითხვებს…
როდესაც პატრიარქთან შევედით და მოვუყევით, განაცხადა, რომ მისი ბრძანებით ჩარიცხული ვიყავი სემინარიაში, ოღონდ ერთი კვირით მარტყოფის მონასტერში უნდა წავსულიყავი…
მიუხედავად იმისა, რომ სემინარიაში სწავლის არანაირი სურვილი აღარ მქონდა, მონასტერში წავედი, სადაც წინამძღვრად ამჟამინდელი მეუფე ესაია იყო. ეს იყო საოცრად თავმდაბალი და მშვიდი ადამიანი, რომლის მიმართაც დიდი სიმპატიით განვეწყვე. მონასტრიდან რამდენიმე დღეში დავბრუნდი, გადაწყვეტილება მონასტერში წასვლამდე მიღებული მქონდა, რომ სემინარიაში აღარ დავბრუნდებოდი…
მომავალ წელს თსუ–ს მაშინდელ ელიტარულ ფაკულტეტზე “საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე” ჩავაბარე…