„განხორციელდება მრავალი წლის წინ მომზადებული საინვესტიციო პროექტი“ – ზვიად კირტავა „რესპუბლიკურის“ თემაზე

„განხორციელდება მრავალი წლის წინ მომზადებული საინვესტიციო პროექტი“ – ზვიად კირტავა „რესპუბლიკურის“ თემაზე
ბრწყინვალე გადაწყვეტილება იქნა მიღებული პრემიერ მინისტრის მიერ – ასეთ შეფასებას აკეთებს ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, „ჯეო ქეისის“ წარმომადგენელი ზვიად კირტავა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ეზოს უკანა მხარეს განხორციელდება მრავალი წლის წინ წამყვანი გერმანული კომპანიის მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტი – აშენდება დაახლოებით 500 საწოლზე გათვლილი კლინიკა.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული კორპუსი შენარჩუნდება და გააგრძელებს ფუნქციონირებას 3 წლის განმავლობაში, ხოლო ამ ხნის განმავლობაში ეზოს უკანა მხარეს აშენდება მრავალი წლის წინ წამყვანი გერმანული კომპანიის “რაუპის” მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტი დაახლოებით 500 საწოლზე!
ვულოცავ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ამ ბრწყინვალე გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალ სტრატეგიულ განვითარებაზეც არის ორიენტირებული და არც დღევანდელი ფუნქციონირების უეცარ შეწყვეტას გულისხმობს, რითაც ასობით ექიმის, ექთნის და სანიტრის უფლებებიც ყველაზე კარგად იქნება დაცული და ქალაქს და ქვეყანასაც არ მოაკლდება რესპუბლიკურის პოტენციალი – განსაკუთრებით, გადაუდებელი დახმარების განხორციელების კუთხით.

ათწლეულების მანძილზე რესპუბლიკური საავადმყოფო ასრულებდა ქვეყნის ჯანდაცვის და სამედიცინო განათლების მთავარი ბურჯის ფუნქციას – თან ისე, რომ 80-იანი წლების შემდეგ თითქმის 40 წლის განმავლობაში მის მთავარ კორპუსს არავითარი სერიოზული ინფრასტრუქტურული განახლება და კაპიტალური რემონტი არ გაუვლია.
დამოუკიდებელი საქართველოს ყველა უმძიმესი გამოცდის – 1992-93 წლების აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის, უკონტროლო შეიარაღებული ფორმირებების თარეშის, 2006 წლის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მეორე ომის, კოვიდ პანდემიის პერიოდებში რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც ბრძოლებში დაჭრილი, დაღლილი და სისხლგამოცლილი გოლიათი ფენიქსივით აღდგებოდა ხოლმე და თავის ვალს ვაჟკაცურად და პირნათლად მოიხდიდა… და მერე ისევ იწყებოდა დავიწყების, უგულისყურობის, მიტოვების და და დეგრადაციის პერიოდები. 2012 წელს უკვე საეჭვო გარიგებებით ვითომ კანადელებზე გაყიდული საავადმყოფო სახელმწიფომ 2013 წელს უკან დაიბრუნა და მის საინვესტიციო განვითარებაზე ფიქრი დაიწყო, თუმცა შენობაში წლობით დაგროვილი ნაგვის ნაწილობრივი გამოზიდვისა და სახურავების მოწესრიგების გარდა გამოკვეთილი შედეგი ამას არ ჰქონია. მხოლოდ 2021-22 წელს – კოვიდ პანდემიის დროს ქვეყნის ხელმძღვანელობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მთავარი კორპუსის 4, თითქმის “გამოშიგნული” სართული გაარემონტა, 240 საწოლით და სათანადო აპარატურით თითქმის გააორმაგა ქვეყნის რეანიმაციული საწოლების რიცხვი. და ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც კი პანდემია დასრულდა, რესპუბლიკური საავადმყოფო ისევ მიტოვებულად იქცა…
რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცი, რა მასშტაბის და სირთულის ინფრასტრუქტურული პრობლემებია არსებული კორპუსის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. და მაინც, დღეს მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებული მგონია, როგორც ქვეყნისთვის საჭირო ჯანდაცვითი რესურსის, ასევე – მორალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით!
რაც არ უნდა ხმამაღალი განცხადებები გაკეთებულიყო, ძალიან ძნელი იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ძველის დანგრევა, როცა ჯერ ახალი არ აგიშენებია, საუკეთესო გამოსავალი იყო მდგომარეობიდან. მით უფრო, როცა არსებობს, არა მარტო რაუპის, არამედ ასევე ცნობილი იტალიური ფირმის “Impressa PIzzarotti”-ს დასკვნა, სადაც ასევე მოწონებული იყო ძირითადი კორპუსის დაკონსერვება და ახალი კორპუსის მშენებლობა ეზოს უკანა ნაწილში.
ვულოცავ რესპუბლიკურის კოლექტივს, ჩემ მეგობრებს და კოლეგებს… ყველა იმათ, ვისთვისაც რესპუბლიკური ძვირფასია!“- წერს კირტავა.
შეგახსენებთ, რომ ფონდ „ქართუს“ ინფორმაციით, წლების წინ ის გეგმავდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეულ გადაკეთებას. 2007 წელს, ფონდის დაკვეთით, ცნობილმა ბრიტანულმა საინჟინრო-კონსტრუქციულმა კომპანიამ, ARUP-მა მოამზადა კვლევა და დაამუშავა შესაბამისი კონცეფცია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოხდებოდა საავადმყოფოს კომპლექსის ძირეული გადაკეთება, განხორციელდებოდა არსებული ამორტიზირებული შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი, მას შეეცვლებოდა ფუნქცია – კლინიკის მაგიერ იქ განთავსდებოდა სამედიცინო ინსტიტუტი და სასწავლებელი, ხოლო დღევანდელი შიდა ეზოს ადგილზე აღიმართებოდა კლინიკის ახალი კორპუსები საერთო ფართით 56’000 კვ. მეტრი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში საავადმყოფო სრულად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებსა და შეძლებდა სტაციონარული წესით ერთდროულად 772 პაციენტის მიღებას.
თუმცა, როგორც „ქართუ“ განმარტავს, ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა არსებული შენობის არასახარბიელო მდგომარეობა და კონსტრუქციული დეფექტები. ძველ შენობას მრავალმხრივი პრობლემები გააჩნდა, რომელთა აღმოფხვრა არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით ვეღარ ხერხდებოდა.
„ძველი შენობა თვისობრივად არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. საბოლოოდ გამოიკვეთა ახალი შენობების აგების საჭიროება. ამ გეგმებს ხელი შეუშალა 2007 წლის ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა, რის შემდეგაც ფონდმა ძირეულად შეზღუდა კონტაქტები მაშინდელ ხელისუფლებასთან. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფონდი ქართუს“ ძალისხმევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართებაში არ შემოიფარგლება ხსენებული პროექტის მომზადებით. საერთო ჯამში, სხვადასხვა პერიოდში ფონდის კონტრიბუციამ საავადმყოფოს სასარგებლოდ შეადგინა 35 მილიონ დოლარზე მეტი. ამ თანხებით მოხდა საავადმყოფოს შენობის წინა მხარის მიშენება, გარკვეული ნაწილის რეკონსტრუქცია-რემონტი, და ასევე შეძენილ იქნა სამედიცინო აპარატურა და ავეჯი“ – ნათქვამია ფონდ ქართუს მიერ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
jandacva.ge