გიორგი ახობაძის მოსამართლე შეიცვალა – მომდენო სხდომიდან საქმის განხილვას მიხეილ ჯინჯოლიას ნაცვლად რომეო ტყეშელაშვილი გააგრძელებს.
“ნეტგაზეთს” ამის შესახებ ახობაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ უთხრა. როგორც ადვოკატი ამბობს, მოსამართლის შეცვლის შესახებ არც მას და არც მეორე ადვოკატს, მარიამ მაძღარაშვილს არავინ დაჰკავშირებია. ცვლილების შესახებ ინფორმაცია მათ მედიიდან გაიგეს და შემდეგ გადაამოწმეს. თუმცა, გარდა იმისა, რომ ჯინჯოლია ტყეშელაშვილმა ჩაანაცვლა, ადვოკატებმა ჯერჯერობით, არაფერი იციან.
“ან აიცილა ეს საქმე, ან სხვა კოლეგიაში გადაიყვანეს, ან აპელაციაში გადაიყვანეს, ან სხვა სასამართლოში გადაიყვანეს. აცილება ცოტა მეეჭვება, ბოლოში ვიყავით გასული”, – ამბობს ცუცქირიძე და განმარტავს, რომ დარჩენილია 2-3 მოწმის გამოკითხვა.
ეს ნიშნავს, რომ განხილვის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისას შემთხვევაში, რამდენიმე სხდომის შემდეგ მხარეები უკვე დასკვნითი სიტყვებით მიმართვას შეძლებდნენ. მოსამართლის ცვლილებამ, შესაძლოა, ეს პროცესი შეაფერხოს – გარდა იმისა, ახალ მოსამართლეს, ლოგიკურად, სჭირდება დრო საქმის გასაცნობად, დაცვის მხარეს შეუძლია მოითხოვოს უკვე გამოკითხული მოწმეების ხელახლა გამოკითხვა მის წინაშე. თუ ასე მოხდება, დასკვნით სხდომის თარიღიც გადავადდება.
ამის შესახებ მეტ დეტალებს სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე – ორშაბათს, 7 ივლისს გავიგებთ.
მიხეილ ჯინჯოლია გიორგი ახობაძის საქმეს 4 თვეზე მეტია განიხილავს. 38 წლის ჯონჯოლია 2022 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წევრი. იქამდე, თითქმის ერთი წლის განმავლობაში საქმეებს ამავე სასამართლოში, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის ეტაპზე განიხილავდა. უფრო ადრე, 2021-2022 წლებში განიხილავდა ადმინისტრაციულ საქმეებსაც.
რაც შეეხება რომეო ტყეშელაშვილს, ის 41 წლისაა და უკვე 15 წელია სასამართლოში სისტემაში მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მან კანცელარიაში, სპეციალისტის პოზიციიდან დაიწყო, 2022 წლიდან კი არის ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
რომეო ტყეშელაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2022 წელს მოეცა, როცა უარი თქვა აშშ-ის საელჩოს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობაზე. ასე გააპროტესტეს ტყეშელაშვილმა და სხვა ოთხმა მოსამართლემ (ხათუნა ხარჩილავა, ნინო ნაჭყებია, მაია ქოქიაშვილი და გიზო უბილავა) პროგრამიდან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მოხსნა.
მაშინ ტყეშელაშვილმა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან უსამართლოდ მოხსნეს და ამის შემდეგ რომ აშშ-ში წასულიყო, საკუთარ თავთან მართალი არ იქნებოდა. მისივე თქმით, საელჩოს მხრიდან ადგილი ჰქონდა “გარკვეულ არაჯანსაღ დამოკიდებულებას”, რომელიც ყოვლად მიუღებელია.
“აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება… არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ იმ ვიზიტში მიმეღო მონაწილეობა. მორალურად არ ვიქნებოდი მართალი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რომ აღნიშნულ ვიზიტში მიმეღო მონაწილეობა და ამერიკაში წავსულიყავი მაშინ, როდესაც სრულიად უსამართლოდ და არაჯანსაღად გაკეთდა ის ქმედებები და განცხადებები ჩვენი კოლეგის მიმართ“, – ამბობდა ტყეშელაშვილი 2022 წელს.
ამავე თემაზე:
· ახობაძის საქმე რეჟიმის სასამართლოში — პოლიცია და პროკურატურა კონსტიტუციის წინააღმდეგ
