„განწყობის მიზეზით მოთხოვნის გადავადება უძრავ ქონებას ვერ გააიაფებს“ – მარიამ ასათიანის ანალიზი (bm.ge)

RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი მარიამ ასათიანი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაიაფებას არ ელოდება.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში მან ვრცლად ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რატომაც პოლიტიკურმა კრიზისმა და შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ ფასების კლება არ გამოიწვია.
„განწყობის მიზეზით მოთხოვნის გადავადება უძრავ ქონებას ვერ გააიაფებს“ – აცხადებს RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი.
საქმე ის არის, რომ საქსტატის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში ახალი საცხოვრებელი ქონება წლიურად 11.5%-ით გაძვირდა. უშუალოდ ბინები 10.9%-ით, ხოლო კერძო სახლები – 13.5%-ით. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საშუალო ფასთან შედარებით, დედაქალაქში უძრავი ქონების ფასები თითქმის 58%-ით არის გაზრდილი.
„[პოლიტიკურმა კრიზისმა] უძრავი ქონების ფასებზე გავლენა რომ იქონიოს, მოთხოვნა ძალიან დიდი ხნით უნდა იყოს შეჩერებული, ხოლო სანამ მყიდველი უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას ავადებს არა იმიტომ, რომ არ უნდა, ან ფინანსური რესურსი არ აქვს, ან ბაზარზე ვერ პოულობს სასურველ ქონებას, არამედ – განწყობის მიზეზით, ეს ვერ შეამცირებს ფასებს და ასეთი მოლოდინი არც მქონდა“, – აღნიშნა მარიამ ასათიანმა და იქვე დასძინა, რომ ზოგადად, განწყობის მიზეზით მოთხოვნის შემცირება ან გადავადება 1-2 წელი არ გრძელდება, რაც ბაზარსაც დაეტყო და თებერვლიდან მოთხოვნის აღდგენის ტენდენციაა.
„ჩვენ, უძრავი ქონების სექტორს, დაახლოებით, ნახევარწლიანი რესურსი გვაქვს – ეს არის ქონების გაყიდვის პერიოდი“, – ამბობს უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენელი.
bm.ge