“განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის” – მზია ამაღლობელის საქმეზე სხდომა 6 აგვისტოს ჩატარდება

პოლიციის თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის საქმეზე გადაწყვეტილებას ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, სავარაუდოდ 6 აგვისტოს, 14 საათზე გამოაცხადებს.
დღეს, 4 აგვისტოს მან ჟურნალისტის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. იყო მოლოდინი, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე დღესვე გამოაცხადებდა.
მზია ამღლობელმა დასკვნით სიტყვაში ისაუბრა მისი ბრალის, საპროცესო შეთანხმების შეთავაზების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
დაკავებულმა ჟურნალისტმა დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ მისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზება „სიკვდილივითაა“
„ძალიან მინდოდა დღეს სოლიდარობაზე და იმ კანონის მავნებლობაზე მესაუბრა, რასაც რუსულ კანონს ვეძახით. მაგრამ დღეს მხოლოდ იმ საკითხზე გაგიზიარებთ აზრს, რომელზეც მხოლოდ მე უნდა ვისაუბრო. საქმის დეტალებზე ადვოკატებმა ისაუბრეს.
მინდა ვისაუბრო შემოთვზებულ საპროცესო შეთანხმებაზე.
იქ, სადაც 7 თვეა ვიმყოფები, საპროცესო შეთანხმება „გამოსავალია“. ჩემს საკანში ისმის ბავშვის ხმა – დედა მენატრები. როცა გავიგე, რომ მისი ოჯახი საპროცესო შეთანხმებაზე საუბრობდნენ გამიხარდა.
ჩემთვის პირიქითაა. შემოთავაზებაც კი სიკვდილივითაა. ადვოკატებმა უკვე თქვეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს – იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ.
ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ – პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი.
მახსოვს, პროკურორმა სხდომაზე კითხვა დამისვა – ჩვენს კვალიფიკიაციას თუ არ ეთანხმებიო, რომელი მუხლი შეგეფერებაოო. ეს საქმე ამ დრომდე მოიტანა გამოძიებამ ჩემი აზრი არ უკითხავთ – მიუკერძოებელად რომ ჩაეტარებინათ გამოძიება და დგებუაძის ინტერესები არ გაეტარებინათ, ეს საქმე სასამართლოში ასე არ შემოვიდოდა. „სისხლით დაგიჭერო“ საჯაროდ მომცა პირობა, 4-დან 7 წლამდე – პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა“, – თქვა მზია ამაღლობელმა.
მან პროკურორს მიმართა და უთხრა:
“ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორო და ყველა იმ პირის, ვინც ჩართული იყო“.
ჟურნალისტმა დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ მას მაღალი თანამდებობის პირებმა „ათასი სიგიჟე“ დააბრალეს. ამ მხრივ კი მისი თქმით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი .
„ამიტომ მინდა მას მივმართო: პოლიციელის ღირსების შელახვას „დიპ სტეიტი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსება მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა. თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ.
ამიტომაც ძალიან მიჭირს და არაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ ქმედებაზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა“, – თქვა მზია ამაღლობელმა.
ჟურნალისტმა მიმართა მოსამართლე ნინო სახელაშვილს და სთხოვა, კადრებად წარმოედგინა, რის შესახებაც ის ისაუბრებდა:
„მოგიყვებით – მშვიდ გარემოში მოულოდნელად ჩდება პოლიცია, მაქცევს შუაში და ძირს ვეცემი, გადამთელავენ. ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ, ეს სილის გაწვნის შემდეგი ეტაპია – ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ – ხმაურით და გინებით, ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ.
ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ გამეორდა – ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა – ვერასდროს წარნოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ „ჩაიფსას“, „არ გაიყვანოთ“. ეს პირი „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძეა.
მესამე კადრი, ამის წარმოდგენა არ გჭირდებათ. საქმეში დევს 44-წამიანი კადრი – თქვენი გადასაწყვეტია, რას დაარქმევთ მას“, – თქვა მზია ამაღლობელმა და მოსამართლეს სთხოვა, გადაწყვეტილების მიღებისას, არ გაითვალისწინოს, რომ ის არის ქალი „შუა ხნის ასაკში“, არ გაითვალისწინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა:
„განაჩენის გამოტანის დროს თქვენი პროფესიის პატივისცემა და მტკიცებულებების შეფასება საკმარისია.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. მაშინ, როცა სახელმწიფო დამიპირისპირდა და ყველა რგოლი ჩაერთო, ვისაც არ დაეზარა ქვა და ტალახი მესროლა (სახელისუფლებო ტროლებმა), ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ მათ. მათ შეძლეს ხმამაღლა არგუმენტებით და მტკიცებულებებით ესაუბრათ – მათ შეძლეს, ადამიანებში ჩემს მიმართ ნდობა შემენარჩუნებინათ. დაიმახსოვრთ მათი სახელები. ჩემი პატივისცემა მათ“, – თქვა მზია ამაღლობელმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ელჩებს, რომლებიც მის სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ:
„ამ დარბაზში, ჩემგან მარცხნივ, ხშირად ვხედავ ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მედიის საკითხებზე მუშაობენ. არ დაგიმალავთ, რომ მახარებს მათი აქ ყოფნა. მათი აქ ყოფნა არასადროს განმიხილავს ჩემს პირად მხარდაჭერად – მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვარ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე. მადლობა საქართველოს მეგობრებს“.
მზია ამაღლობელმა მადლობა გადაუხადა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს:
„სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის. ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების ძალას – ბრძოლა გამარჯვებამდე!“, – თქვა მზია ამაღლობელმა დასკვნით სიტყვაში.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა “ვივამედში” ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, “მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%”.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
31 ივლისს, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი კვლავ მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოხსნან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ფორუმი