განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც აქციებზე დაკავებულების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დაიკითხა, აცხადებს, რომ მას ამომცნობი ნიშანი ჰქონდა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის, გიორგი გობრონიძის ჩვენების მიხედვით, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავენულ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დაიკითხა, მას ამომცნობი ნიშანი ჰქონდა.
გობრონიძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. მისი ჩვენების მიხედვით, მას პიროტექნიკის ნაწილი მოხვდა და მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
მოწმის თქმით, თუკი, ბრალდებულებს ბრალი დაუდასტურდებათ, პრეტენზია ექნება.
ადვოკატს ომარ ფურცელაძის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას ან მის დანაყოფს ამომცნობი ნიშანი, მოწმემ დადებითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ მისი ნომერი “106”-ია.
“ვინაა თქვენი უშუალო ხელმძღვანელი?”,- მიმართა გდდ-ს თანამშრომლეს, ადვოკატმა.
“საჭიროა? რატომ?”,- იკითხა მოწმემ, მას ფურცელაძემ აუხსნა, რომ ადვოკატია და საჭირო იყო, რის შემდეგაც გობრონიძემ განაცხადა, რომ “მისი დაზიანების დღეს უშუალო უფროსი მიხეილ ლამაზიშვილი იყო”.
“რა ჩაცმულობა ჰქონდა ხელმძღვანელს?”,- მიმართა მას კვლავ ადვოკატმა, რაზეც გობრონიძემ უპასუხა, რომ გდდ-ს ჩვეულებრივი ფორმა ეცვა, “რობოკოპი” არ ეცვა. ნიღაბი ეკეთა თუ არა, არ იცის.
“იმ მომენტში არ დამიფიქსირებია. გამოსვლამდე ვნახე და არ ეკეთა ნიღაბი, არ იყო საჭირო, მერე არ დამიფიქსირებია”,- განაცხადა გდდ-ს თანამშრომელმა.
როგორც მან განმარტა, დავალებას ჯგუფის უფროსს აძლევენ, ის კი დანარჩენებს. მისივე თქმით, არ იცის ჯგუფის უფროსი, რადგან რადიომიმღებში გადაიცემოდა დავალება.
ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა ასევე კითხვები დაუსვა მას შავ ფორმაში გამოწყობილ პირებთან დაკავშირებითაც.
„ჩვენი თანამშრომლები შავ ფორმას არ ატარებენ… მაგათ ეძახიან “ამყვანებს” და ჩვენ ამყვანების ჯგუფი არ ვართ”, – განაცხადა გობრონიძემ. მისივე თქმით, მათთან მას შემხებლობა არ ჰქონია.
“მარბიელებს იცნობთ?”,- მიმართა კვლავ კითხვით ჩომახაშვილმა მოწმეს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ