განსაკუთრებული სიცხის გამო, საბერძნეთში კიდევ ერთი ტურისტი გარდაიცვალა

საბერძნეთის კუნძულ მატრაკიზე 55 წლის ამერიკელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია მომხდარის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა. მიმდინარე კვირაში, უჩვეულოდ ცხელი ამინდის დროს, ეს უკვე მესამე ტურისტის გარდაცვალების შემთხვევაა.
ამ თვის დასაწყისში ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსზე ავიდა, ზუსტად მაშინ, როცა საბერძნეთის ზღვისპირა კურორტებზე, უძველეს ადგილებსა და მთის ბილიკებზე საკურორტო სეზონი დაიწყო.
ადრეული სიცხე დაემთხვა ხმელთაშუა ზღვის ქვეყანაში ტურისტების გაუჩინარებისა და დაღუპვის ტალღას, რაც ხაზს უსვამს სიცხის ზემოქმედების საფრთხეს.
“არსებობს საერთო სურათი – ისინი ყველანი წავიდნენ ლაშქრობაზე, მაღალი ტემპერატურის ფონზე”, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” სამხრეთ ეგეოსის პოლიციის წარმომადგენელმა, პეტროს ვასილაკისმა.
მსხვერპლებს შორისაა, ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი. მისი ცხედარი კუნძულ საიმზე 9 ივნისს იპოვეს, თვითმფრინავებითა და ნავებით ოთხდღიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ. ის გაუჩინარებამდე, მაღალი ტემპერატურის დროს, მარტო სეირნობდა.
პოლიციას არ გაუვრცელებია იმ გარდაცვლილი ამერიკელის ვინაობა, რომლის ცხედარიც კვირას მატრაკის სანაპიროზე იპოვეს.
შაბათს კუნძულ სამოსზე გარდაცვლილი 74 წლის ჰოლანდიელი ტურისტი იპოვეს, ხოლო 5 ივნისს კრეტაზე ორი ტურისტი.
მაშველები ასევე ეძებენ ორ ფრანგ 73 და 64 წლის ქალს კუნძულ სიკინოსზე და 59 წლის ამერიკელ პოლიციელს ამორგოსზე.