შემაშფოთებელია დღეს, 2023 წლის 27 დეკემბერს გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი, საგანგაშო მცდელობა:
“აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში. საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მუდმივად დღის წესრიგში მდგარი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის ფონზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა.” ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. პარლამენტის ე.წ-მა დეპუტატებმა 180 ჰექტარზე მეტი ტერიტორია პუტინს დილის 6 საათზე ჩატარებულ “საგანგებო სხდომაზე” დაუმტკიცეს. პროცესს 35-დან 28 “დეპუტატი” ესწრებოდა, საიდანაც 25-მა მარიონეტმა “გადაწყვეტილებას” მხარი დაუჭირა. “კანონს” ხელი რამდენიმე საათში მოაწერა ასლან ბჟანიამ.