განსაკუთრებით მეუფე ნიკოლოზის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა წინასაარჩევნო დაპირება არის სიმართლესა და ქვეყნის გამოწვევებზე დაფუძნებული, რასაც აუცილებლად შევასრულებთ

განსაკუთრებით მეუფე ნიკოლოზის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა წინასაარჩევნო დაპირება არის სიმართლესა და ქვეყნის გამოწვევებზე დაფუძნებული, რასაც აუცილებლად შევასრულებთ
დიახ, ამომრჩეველს ვესაუბრებით და ვაძლევთ პირობას, რომ დავიცავთ და გავაძლიერებთ ჩვენს რწმენას. ამაში გასაკვირი არაფერია. უცნაურია, რა სიახლე და ნეგატივი აღმოაჩინა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ამ ამბავში?! ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ეკლესია იმ რადიკალური ძალებისგან, ვინც გუშინ აიტაცა მეუფე ნიკოლოზის ირონიული სიტყვა და ვინც წლების განმავლობაში ანგრევდა და თავს ესხმოდა ქართულ ეკლესიას, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ ინიციატივას კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ, ამომრჩევლის გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
როგორც მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეკლესიის გაძლიერება მხოლოდ იმ ძალებს არ აწყობთ, რომელიც ებრძვის ჩვენს რწმენას და ყველაფერს ქართულს.
ის ადასტურებს, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებასთან ერთად, წინასაარჩევნო დაპირებაა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის გასამართლება, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და საქართველოს გამთლიანებისთვის მომზადება და მეუფე ნიკოლოზს მიმართავს, რომ არაფერია ცუდი და საქილიკო იმაში, თუ მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არჩევნების წინ კონკრეტული საკითხების გადაჭრას სთავაზობს.
„ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ეკლესია იმ რადიკალური ძალებისგან, ვინც გუშინ აიტაცა მეუფე ნიკოლოზის ირონიული სიტყვა და ვინც წლების განმავლობაში ანგრევდა და თავს ესხმოდა ქართულ ეკლესიას, ამისათვის კი პატრიოტ, ქვეყნის მოყვარულ ქართველებს ვთხოვთ მხარდაჭერას. საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა კარგად იციან, რომ ეკლესიას აქვს უდიდესი როლი და გავლენა საზოგადოებაზე, რაც მათ ძალიან აღიზიანებთ და გამუდმებით ცდილობენ დედა ეკლესიის დისკრედიტაციას.
ჩვენი მიზანი კი კონსტიტუციაში სწორედ ამ ეკლესიის როლისა და გავლენის შესაბამისობაში მოყვანაა. მარტივი ჭეშმარიტებაა – ეკლესიის გაძლიერება მხოლოდ იმ ძალებს არ აწყობთ, რომელიც ებრძვის ჩვენს რწმენას და ყველაფერს ქართულს! დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის გასამართლება და მათი პოლიტიკიდან ჩამოშორება.
დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ყველა გზით და ხერხით დავიცავთ მომავალ თაობას გარყვნილების აგრესიული პროპაგანდისგან.
დიახ, ჩვენი გუნდის დაპირებაა მზადება ქვეყნის გასაერთიანებლად. ჩვენ ვუხსნით ჩვენს ამომრჩეველს, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ისეთი საკონსტიტუციო მოდელის მისაღებად, რომელიც საჭირო მომენტის შემთხვევაში, სრულად მოერგება ქვეყნის გამთლიანებისათვის აუცილებელ პირობებს.
განსაკუთრებით მეუფე ნიკოლოზის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა წინასაარჩევნო დაპირება არის სიმართლესა და ქვეყნის გამოწვევებზე დაფუძნებული, რასაც აუცილებლად შევასრულებთ. არაფერია ცუდი და საქილიკო იმაში, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არჩევნების წინ კონკრეტული საკითხების გადაჭრას სთავაზობს.” – წერს მაჭარაშვილი სოციალურ ქსელ Facebook –ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ გამოჩენილიყო, პრეზიდენტ ტრამპის ბაქიბუქის უკან, რეალური ბრძოლა “დიპ სტეიტთან” არ დგას, უფრო მეტიც – ტრამპი დღემდე ასრულებს ოლიგარქიული ოჯახების და მათი ინსტრუმენტის, “დიპ სტეიტის” დავალებებს

ერთადერთი, რასაც ჯერ-ჯერობით ეს კომპრადორები ვერ რისკავენ არის მათი მიზნების ხმამაღლა გაჟღერება – მათ ამოძრავებს საქართველოს იმპერიათა კოლონიალურ ტენდერში გატანის სურვილი: ევრო-ლგბტ-კავშირი, რუსეთი თუ თურქეთი