განიხილება გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება – ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ.
ანგარიშს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
“საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ.
იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომებისა კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად”,- წერია ევროკომისიის ანგარიშში ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის, რომელიც მეშვიდე ანგარიშია ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში.
შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ“. 16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები. მედიაში წინსწრებით გავრცელდა დოკუმენტი – ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ. ამ დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმები – მათ შორის, წესრიგში მოიყვანოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხი.
მედიამ გაავრცელა ასევე ევროკომისიის რიგით მე-7 ანგარიში „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ანგარიში.
რა წერია შეჩერების მექანიზმის ანგარიშში?
ანგარიშში საქართველოს ქვეთავი ექვსი ნაწილისაგან და, ბოლოს, რეკომენდაციებისაგან შედგება.
პირველსავე ნაწილში ხაზგასმულია აცდენა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან და მითითებულია, რომ საქართველოს ახლა უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ 25 ქვეყანასთან, რომლებსაც ევროკავშირი ვიზების ქონას ავალდებულებს.
2024 წელს საქართველოს, ანგარიშის თანახმად, „არ მიუღწევია პროგრესისათვის სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის ზრდის მიმართულებით; პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით გაიზარდა განსხვავება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან“, – წერია ანგარიშში.
ავტორების განმარტებით, „საქართველო ამტკიცებს, რომ იმის გამო, რომ მას არ აქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, სავიზო პოლიტიკის აცდენა არ წარმოადგენს რისკს ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით“.
თუმცა, კომისია, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ „სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ევროკავშირის მეზობელი ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირის წევრობის მიზნებისთვის. შესაბამისად, კომისია ელის საქართველოდან პროგრესს სავიზო პოლიტიკის გათანაბრებაში“.
რა შემთხვევაში გამოიყენებს ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს?
2017 წელს ამოქმედებული უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ერთ-ერთი ის ზომაა, რასაც ევროკავშირში განიხილავენ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული შემობრუნების საპასუხოდ.
ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება.
ევროპარლამენტის 27 ნოემბერს მიღებული არასავალდებულო რეზოლუცია სწორედ ამ ინიციატივით გამოდის.
პირადი სანქციებისგან განსხვავებით, უვიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული კონსენსუსი არ სჭირდება – საამისოდ საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობაც, რაც გულისხმობს ევროკავშირის მინიმუმ 14 სახელმწიფოს, რომლებიც ჯამში ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ.
ევროკავშირი საქართველოს შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში იმსჯელებს.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ განაცხადა 29 ნოემბერს, ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია გაავრცელოს ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი კონკრეტული ზომების შესახებ.
რადიო თავისუფლებამ წინასწარ მოიპოვა დოკუმენტი – ევროკავშირის გაფართოებაზე ევროკავშირის საბჭოს დასკვნა. საქართველოს ნაწილი კვლავ კრიტიკულია.
დოკუმენტი მხოლოდ მცირედით შეიძლება შეიცვალოს. ამ ეტაპზე, სამუშაო ვერსიაში კი აქცენტები ასეთია:
უვიზო რეჟიმზე
ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო ლიბერალიზაციის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის – ქვეყნის სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის, თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის მოგვარებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფის გზით.