განვიხილეთ, რითი ვუპასუხოთ, თუკი ამოქმედდება – ბორელი “აგენტების კანონზე”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, 27 მაისს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, რითი შეიძლება, უპასუხონ საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის ამოქმედებას.
ბრიუსელში, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბორელმა აღნიშნა, რომ განხილვის თემა იყო 2024 წლის საპარლამენტო საქართველოში.
“მოსაზრებები გავცვალეთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან” დაკავშირებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არცისე მნიშვნელოვანია, სხვები ფიქრობენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იქვე ახსენეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი.
ჩვენ დავიწყეთ იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი, თუკი ეს კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ. წევრი სახელმწიფოები მზად არიან გადაწყვეტილებისთვის, როდესაც არ სრულდება ჩვენი ღირებულებები, საერთაშორისო სამართალი, არ სრულდება ევროპული გზა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, მსოფლიოში. ჩვენ ვიმსჯელეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველმა ხალხმა ქვეყნის ტრაექტორიას უნდა მისცეს ხმა. მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ ბენეფიტებზე, რომელსაც სიამოვნებით იღებენ ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება არ მიგვიღია”, – განაცხადა ბორელმა.
27 მაისს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ხელმძღვანელობდა.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟოზეპ ბორელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, “ეს იქნება პირველი მომენტი, როცა მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას“.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.
კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთიდან მოწოდებების, ასევე ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება” არ აპირებს, უარი თქვას კანონზე.
პარლამენტი, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, სამშაბათს, 28 მაისს დანიშნულ პლენარულ სესიაზე გეგმავს ვეტოს დაძლევას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით