განვითარებული მოვლენების ფონზე, საექსპორტო ქვეყნებს პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით, გარკვეული შიშები აქვთ – „კულა“

საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უცხოეთიდან მოთხოვნის შემცირება არ გვაქვს – პირიქით, თუმცა პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით, მათაც გარკვეული შიშები აქვთ. მათ აინტერესებთ, ხომ არ შეფერხდება პროდუქციის საქართველოდან გაგზავნა, – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირებული, თუმცა კომპანიას სამომავლო გეგმების დასახვა უჭირს. ვანო გოგლიძის განცხადებით, “კულამ” 2 პროექტი დააპაუზა.
“ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საექსპორტო ქვეყნების მხრიდან მოთხოვნის ცვლილებაზე არ ისახება, თუმცა ზოგადად ცუდი სიტუაციაა, რადგან არასტაბილურობაა და არ ვიცი საით მივდივართ. გვიჭირს სამომავლო გეგმების დასახვა. ყველა ფრთხილობს, ბანკებიც სიფრთხილით გვიყურებენ და შესაბამისად, ვერაფერს ვგეგმავთ. არსებული პროცესებიდან გამომდინარე ჩვენი ორი პროექტი დავაპაუზეთ. კერძოდ, ბიო წვენების და თევზის კონსერვის გამოშვება მომდევნო წლისთვის გადავდეთ”, – აცხადებს ვანო გოგლიძე.