ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ჰამასი სრულად არ განიარაღდება და პალესტინის ტერიტორია ისრაელის სრული კონტროლის ქვეშ არ მოექცევა.
ნეთანიაჰუმ სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ “ამ კამპანიის დასრულების შემდეგ, ღაზას სექტორის მთელი ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იქნება”.
იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ლიდერმა გარკვეული პირობები დაასახელა, რომლებზეც დაყრდნობით ომი, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, შეიძლება დასრულდეს:
“მზად ვარ, დავასრულო ომი, მაგრამ მკაფიო პირობებით, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს: ყველა მძევალი სახლში უნდა დაბრუნდეს, ჰამასმა უნდა ჩააბაროს იარაღი და დატოვოს ხელისუფლება” – თქვა ნეთანიაჰუმ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ჰამასის ხელმძღვანელობა უნდა გავიდეს ღაზადან და ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სექტორი იარაღისგან სრულად თავისუფალი იყოს. ნეთანიაჰუს თქმით, როდესაც ეს პირობები შესრულდება, ისრაელი გადადგამს შემდეგ ნაბიჯს და გააგრძელებს დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმის რეალიზებას ღაზას მომავლისთვის:
“ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას – ეს არის კარგი გეგმა, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას გულისხმობს. ეს გულისხმობს ძალიან მარტივ რამეს: ღაზას მცხოვრებლებს, რომლებსაც წასვლა სურთ, შეეძლებათ წასვლა”.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ჰამასთან მძევლების გათავისუფლებისთვის დროებითი ზავისთვის მზად არის. მისი თქმით, ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, ჰამასის ტყვეობაში მყოფ 58 მძევალს შორის ცოცხალი მხოლოდ 20-მდეა.
