„განგაშის წითელი სიგნალი ჩართულია – ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება, თუ დემოგრაფიული პრობლემა არ მოგვარდა“,- ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ომის პერიოდს არ ჩავთვლით, დაბადებულთა რაოდენობა ამ დრომდე 40 ათასიან ნიშნულს არ ჩამოსცდენია. მით უფრო, როდესაც ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი სიდიდეა, სტატისტიკოსის თქმით, ეს საგანგაშო მაჩვენებელია და შესაძლოა, სულ მალე ქართველები საკუთარ ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობაშიც კი აღმოჩნდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2024 წელს იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, 43 971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატება 4 488 ერთეულით განისაზღვრა.
„როდესაც ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი სიდიდეა (გარდაცვალება აჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას) ეს საგანგაშო მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, თუ როგორია აბსოლუტური შობადობა. ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი უარყოფითია, ამიტომ განგაშის წითელი სიგნალი ჩართულია. საქართველოში სიტუაციას ართულებს კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ, ემიგრაციის მასშტაბები გაცილებით მაღალია, თანაც, საქართველოს მოქალაქე უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის საქართველოში, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებში არის დადებითი სალდო. სხვანაირად რომ ვთქვათ, სხვა ქვეყნის მოქალაქეები უფრო მეტნი შემოდიან, ვიდრე გადიან. ქვეყნის მოქალაქეებისა და არამოქალაქეების ბალანსი თანდათანობით უარესდება.
ამიტომ, ვფიქრობ, აქცენტებს ჩვენ, როგორც საზოგადოება, ისე ხელისუფლება, არ ვაკეთებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორზეც საჭიროა. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ როგორია ეკონომიკური ზრდის ტემპი, მერამდენე ადგილი უკავია საქართველოს, ამა თუ იმ საერთაშორისო რეიტინგებში და ა.შ. მართალია, ძალიან სასიამოვნოა სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების მიერ მოწინავე პოზიციების მინიჭება საქართველოსთვის, მაგრამ ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება თუ დემოგრაფიული პრობლემა არ მოგვარდება. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო ეს რომ არ მოხდეს… ყოველ შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ პირველ ხანებში ქართველები აღმოჩნდნენ ეროვნულ უმცირესობაში. მერე კიდევ, რაოდენობრიობა შეძლება გადაიზარდოს ისეთ თვისობრიობაში, რაც ნეგატივის მატარებელი იქნება ეროვნულ და ისტორიულ კონტექსტში, არ მინდა ყველა ფრჩხილი გავხსნა“,- განაცხადა სოსო არჩვაძემ.
www.bpn.ge
