განახორციელეთ ეფექტური ზეწოლა „ოცნებაზე“ – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) ევროკავშირს

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს, მიმართავს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა განახორციელონ „ეფექტური ზეწოლა“ „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც „პასუხისმგებელია როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე“.
30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში IPI-ი, – 1950 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის მიზანიც პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დაცვაა, – საუბრობს საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ „სავალალო მდგომარეობაზე“ და ხაზს უსვამს, რომ ეს მდგომარეობა დამდგარია „სულ უფრო და უფრო რეპრესიული კანონების შემოღებისა და პრესაზე მიმდინარე თავდასხმების ფონზე“.
IPI საუბრობს მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის გახანგრძლივებაზე „მიუხედავად სამედიცინო დასკვნებისა, რომ ციხეში ყოფნის დროს მისი მხედველობა საშიშად გაუარესდა“.
· ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ადვოკატმა 23 ივნისს სასამართლოზე წარადგინა „ვივამედში“ ჩატარებული ანალიზის დოკუმენტი, ე.წ. ფორმა 100 წარადგინა.
· IPI ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მზია ამაღლობელისათვის ყველა ბრალდების მოხსნისკენ, მიიჩნევს უსამართლოდ დაპატიმრებულად და მას უწოდებს „ქართული მედიის წინააღმდეგობის სიმბოლოს“.
„საქართველო ყოველდღიურად უახლოვდება სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას იმის ფონზე, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აძლიერებს ძალისხმევას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის მიზნით“, – წერია IPI-ის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას მმართველმა გუნდმა მიიღო ცვლილებები კანონმდებლობაში, რაც „ჟურნალისტების ცილისწამებისთვის დევნას ამარტივებს და აწესებს ახალ შეზღუდვებს სასამართლოებიდან რეპორტაჟებზე“.
„საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ევროკავშირს, აქვს ვალდებულება, დაუყოვნებლივ იმოქმედოს, რათა დაგმოს და ეფექტური ზეწოლა განახორციელოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“, ინსტიტუტების ლიდერებსა და მოსამართლეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ დევნაზე“, – აცხადებს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი.
· საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 2025 წლის 28 ივნისს გამოქვეყნდა და შესაბამისად ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებული ახალი ცვლილებები: სასამართლოში გადაღება აიკრძალა, სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა, ხოლო ცილისწამებაზე რეგულაციები შეიცვალა.