საქართველოს პარლამენტში განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” გუშინ, 2 თებერვალს წარადგინა. ბიურომ დღის წესრიგი ამავე დღეს დაამტკიცა.
ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 5, 6, 7 და 8 თებერვალს იგეგმება. კერძოდ, კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა 5-დან 7 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ასევე, 7 თებერვალს მომავალი მთავრობის სრულ შემადგენლობას, მათ შორის, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წევრებს მოუსმენენ.
ამ დროის განმავლობაში, კობახიძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს საქართველოს პარლამენტის კომიტეტები, საპარლამენტო ფრაქციები და ჯგუფები განიხილავენ. 8 თებერვალს ჩანიშნულ საბოლოო პლენარულ სხდომაზე, სადაც პროგრამის დამტკიცება იგეგმება, მთავრობის სრული შემადგენლობა დაესწრება.